საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამუშაო ვიზიტით უეფას მეკარეთა სამწვრთნელო განათლების ექსპერტი მარტ პოომი და უეფას მოწვეული ექსპერტი გენადი სკურტული ესტუმრნენ. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა სფფ-ის ტექნიკურ დეპარტამეტთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოში უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყება.
უეფა წევრ ასოციაციებში აღნიშნული პროექტის გახორციელებას 2020 წლიდან იწყებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისი ერთ-ერთი მონაწილეა. უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის პირველი მოდული საქართველოში 13-15 აპრილს გაიმართება. სასწავლო პროცესი ჯამში სამი მოდულისგან შედგება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.
პირველ ჯერზე საგანმანათლებლო პროექტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე გუნდების მეკარეების მწვრთნელები ჩაერთვებიან. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს საერთაშორისო მნიშვნელობის მეკარეების მწვრთნელის ლიცენზია გადაეცემათ