სიახლეები

რეგიონთა თასი 2019-ის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა

გაუზიარე

22 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტის - რეგიონთა თასის 2019 წლის გათამაშება დასრულდა.

13-წლამდე ფეხბურთელებს შორის გადამწყვეტ შეხვედრებს სფფ-ის ტექნიკურმა ცენტრმა "ბასამ" უმასპინძლა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა იმერელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 1:0 დასრულდა. ფინალური შეხვედრა კი, თბილისისა და აჭარის რეგიონულ ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით - 4:1 დასრულდა. 

მატჩების დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მონაწილე გუნდებს კუთვნილი მედლები და თასები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოჩა თამაზაშვილმა გადასცეს. სფფ-ის წარმომადგენლებმა ტურნირის მონაწილე ფეხბურთელებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვეს.

რეგიონთა თასი 2019 გამარჯვებული გუნდი 2020 წელს ტრადიციულად გერმანიაში გაემგზავრება და ადგილობრივ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს. 

რეგიონთა თასი, რომლის მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა, უკვე მეოთხე წელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ფიფას დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი ერთგვარი პლატფორმაა ტალანტების სელექციისთვის და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის ბავშვთა გუნდი მონაწილეობს.