15 დეკემბერს, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის, „მოყვარულთა თასის“ 2019 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს 2019 წლის საუკეთესო გუნდი, ფოთის „ჭაბონამა“ და აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი, თბილისის „უქიმერიონი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო დაპირისპირება იხილა. თბილისურმა გუნდმა წინა წლის გამარჯვებული ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 2019 წლის „მოყვარულთა თასის“ გამარჯვებული გახდა.
„მოყვარულთა თასი“ უკვე მეოთხე წელია იმართება და წლევანდელ გათამაშებაში მთელი საქართველოს მასშტაბით 374 გუნდმა და 10 500 მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.