სიახლეები

ისტორიაში პირველად | საბურთალო საქართველოს თასის მფლობელია!

საქართველოს თასი
გაუზიარე

8 დეკემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისური კლუბები "საბურთალო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ.

სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა საინტერესო დაპირისპირება იხილა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, საბოლოოდ კი, საკუთარი შანსები უკეთ საბურთალოელებმა გამოიყენეს, ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს მეტოქე და საქართველოს თასის მფლობელები ისტორიაში პირველად გახდნენ. ანგარიში მე-12 წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით გიორგი კოხრეიძემ გახსნა. ამ მომენტიდან ზუსტად 7 წუთში "საბურთალოს" უპირატესობა ორ ბურთამდე გიორგი გაბედავამ გაზარდა. საბურთალოელთა შემტევმა საკუთარი გუნდის რამდენიმე სვლიანი კომბინაცია დაასრულა შედეგიანი დარტყმით.

შესვენების დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ 2019 წლის შიდა ქართლის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ "გორის" 13-წლამდე გუნდს კუთვნილი თასი და მედლები გადასცა.

საფეხბურთო კლუბი "გორის" 13-წლამდე გუნდი შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა

​მეორე ნახევარი "ლოკომოტივის" აქტიურობით დაიწყო. ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქეს დიდი ძალებით შეუტია და 52-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ირაკლი სიხარულიძემ შეასრულა. დარჩენილ დროში "ლოკოს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ გოლი "საბურთალომ" გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 89-ე წუთზე დემეტრე ბულისკერიას კარი თავური დარტყმით ლევან კაკუბავამ აიღო.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მატჩის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენმა, ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს. 

​დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალური შეხვედრის ოქმი იხილეთ - ბმულზე.