სიახლეები

ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წ.წ სეზონი აიღებს სტარტს. 

ამასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.

ფუტსალის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები სამ მოგებამდე გასტანს. ორ მოგებამდე გაგრძელდება „ბრინჯაოს ფინალი“ .

ზედა ლიგის მსგავსად, 6 გუნდი იქნება წარმოდგენილი ლიგა 2-ში. სამი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება. 

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები პარალელურად ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. სადაც ჯამში, წრიული ეტაპის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 8 გუნდი იასპარეზებს. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეხუთე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დააფინანსებს  აღნიშნულ ჩემპიონატს. წელს პირველად, ფუტსალის ორივე ლიგის გუნდები მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საბაზისო დაფინანსებას მიიღებენ.

დაფინანსების ახალი მოდელისა და ახალი სეზონის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა:

? დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: "უკვე რამდენიმე წელია ფუტსალის ლიგა სტაბილურად ტარდება. გასული სეზონიდან გათამაშება ორ ლიგად გაიყო. წლევანდელ სეზონში ფუტსალის ლიგაში და ფუტსალის ლიგა 2-ში 6-6 გუნდი იასპარეზებს. სიახლე გვაქვს ის, რომ ახალი სეზონიდან ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად ფუტსალის ორივე ლიგის კლუბებს საბაზისო დაფინანსება ექნებათ.

​ჩვენ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით კლუბებს და მათ 2019-20 წლების სეზონთან ერთად 2020-21 წლების სეზონის შესახებ ვესაუბრეთ. კლუბებს გავაცანით ყველა ის ფაქტორი და რისკი რის წინაშეც შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ, ასევე აღვუთქვით სრული მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ფუტსალი ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გასულ წლებში ჩატარებული წარმატებული ჩემპიონატები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აძლევს იმის მოტივაციას, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა განაგრძოს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომელიც ჩვენთან ერთად ეხმარება ფუტსალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სეზონი გასული წლების მსგავსად დაძაბული და საინტერესო გამოდგება."

სეზონის პირველი სათამაშო დღე 6 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს. ფუტსალის ლიგა 2-ში 13:00 საათზე თსუ 2-სა და დებიუტანტი ევროპის უნივერსიტეტის შეხვედრა გაიმართება, 15:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი პსპ ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, გორს გაეჯიბრება.

ფუტსალის ლიგა 17:00 საათზე თსუ-სა და თბილისის მატჩით დაიწყება. 19:00 საათზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თელასისა და ლიგა 2-დან გადმოსულ ილიაუნის დაპირისპირება აიღებს სტარტს.  7 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდება.