სიახლეები

მსაჯთა აკადემიის მეოთხე კურსზე სასწავლო პროცესი დაიწყო

მსაჯები
გაუზიარე

2 დეკემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტ „ბასაზე“ ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საერთო საგანმანათლებლო პროექტის „მსაჯთა აკადემიის“ მეოთხე კურსზე სასწავლო პროცესი დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა მომავალ მსაჯებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა და თანამედროვე ფეხბურთში მსაჯების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსაჯთა აკადემიის“ მეოთხე კურსზე 27 კურსანტი ისწავლის, მათ შორის 6 გოგონაა. სასწავლო პროცესი 9 მოდულისგან შედგება და ის თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსანტი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს და საშუალება ექნება სხვადასხვა რანგის საფეხბურთო მატჩები იმსაჯოს.

​შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასო მსაჯთა აკადემია 2017 წლის მიწურულს გაიხსნა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მსაჯთა აკადემია წარმატებით 80-მდე კურსანტმა დაასრულა და დღეს ისინი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა დონეზე მსაჯობენ.