სიახლეები

ზაურ კალოევის სახელობის თასის ფინალი წეროვანში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

23 ნოემბერს, წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე სტადიონზე ზაურ კალოევის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს კასპი 1 და კასპი 2 გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში კასპი 1-ის სრული უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით, ანგარიშით - 5:1 დასრულდა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი პრიზები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოჩა თამაზაშვილმა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ გადასცეს.

სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ზაურ კალოევის სახელობის თასის მონაწილე გუნდებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და მოხარულია, რომ ამ ტურნირის საშუალებით საფეხბურთო ცხოვრებაში ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებით დაკომპლექტებული ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას. 

ზაურ კალოევის სახელობის თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება. ტურნირი 3 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო.