სიახლეები

ხორვატია 2:1 საქართველო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლოს შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდა. პულას ალდო დროსინას სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მე-19 წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით გიორგი პაპუნაშვილმა დაასრულა. გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატია გააქტიურდა და ზლატკო დალიჩის გუნდმა 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ბურთი საკუთარ კარში გურამ კაშიამ გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

​მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა, გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მიზანს ხორვატებმა მიაღწიეს და შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულეს. 53-ე წუთზე გამარჯვების გოლი თავური დარტყმით ივან პერიშიჩმა გაიტანა. 

​მატჩის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა. 39-ე წუთზე ოთარ კაკაბაძე ლევან შენგელიამ შეცვალა, 51-ე წუთზე კი, ელგუჯა ლობჯანიძის ნაცვლად თამაშში ბაჩანა არაბული ჩაერთო. ოთარ კაკაბაძე, რომელსაც კოჭის ტრავმა აქვს, სავარაუდოდ რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.

ხორვატიის წინააღმდეგ გამართული წლის ბოლო ამხანაგური მატჩი ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.

? ვლადიმირ ვაისი: "საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა, მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100 პროცენტიანი შანსი, 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით."

ხორვატია 2:1 საქართველო

ალდო დროსინა, პულა

ხორვატია: კალინიჩი (46' სლუგა), მელნიაკი, პერიშიჩი, კოვაჩიჩი (65' ვლაშიჩი), ორშიჩი (46 იურანოვიჩი), შკორიცი, პაშალიჩი (75' პერიჩი), იედვაი (46' ჩალეტა-ცარი), რებიჩი ბადელი, ბარტოლეცი (46' როგი)

სათადარიგო შემადგენლობა: ლივაკოვიჩი, ბარიშიჩი, ბროზოვიჩი, პეტკოვიჩი, იურანოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (39' შენგელია), ხოჭოლავა (80' გრიგალავა), კაშია, ყაზაიშვილი (87' ხარაიშვილი), ლობჯანიძე (51' არაბული), აბურჯანია, პაპუნაშვილი (65' კიტეიშვილი), ჯიღაური, გვილია (83' ქვილითაია), ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კუპატაძე, დაუშვილი, კვეკვესკირი, ქვილითაია, რეხვიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ალან მარიო სანტი (მალტა), დანკან სულთანა (მალტა), ლუკე პორტელი (მალტა), მარინ ვიდულინი (მალტა)

​გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (ს.კ) (25), 2:1 პერიშიჩი (53)

​ხორვატიის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელს გამოსვლა დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2020 წლის 26 მარტს გამართავს. ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს.