სიახლეები

შვეიცარია - საქართველო | ანშლაგი სენტ გალენში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში 14 ნოემბერს გერმანიაში ჩატარებული სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა და ოთარ კაკაბაძემ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია."

? ვლადიმირ ვაისი: "ჩვენ სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორზე და სტადიონზე გვიწევს ვარჯიში. შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, რომ ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს. ირლანდიისა და დანიის წინააღდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, გოლი უნდა გავიტანოთ.

ჩემი აზრით, ჩვენ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენს მერე კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ. გვსურს, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ მაგალითად შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან ბოლო მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ, შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსები 50-50-ზეა. ვთვლი, რომ ფეხბურთელების ხარისხით შვეიცარია ჯგუფში საუკეთესო გუნდია.

მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც. ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები, მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი.

როგორც აღვნიშნე, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში იმყოფება. ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა, სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არ არის ევროპის უმაღლესი საფეხური."

ოთო კაკაბაძე: " ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ."

? ოთარ კაკაბაძე: "საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია. შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ასეთი წარმატებული მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ."

მატჩთან დაკავშირებით ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა მოახლოებული თამაშის შესახებ ისაუბრა:

? გურამ კაშია: "საინტერესო მატჩი გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი იქნება და ჩვენ შევეცდებით, რომ მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.

​ჩემი აზრით, შვეიცარიას ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუნდი ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ საკუთარი სტილი აქვთ, მოკლე გადაცემებით თამაშობენ და ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია."

შვეიცარია - საქართველოს მატჩის 18 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, 15 ნოემბერს სენტ გალენის სტადიონზე შეხვედრა ანშლაგით ჩაივლის.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი) 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიას 11 ქულა აქვს. საქართველო 8 ქულით, მეოთხე პოზიციას იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება, მატჩის რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.