სიახლეები

ევრო 2020 | საქართველოს ნაკრების 14 ნოემბრის განრიგი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ყველა მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო ოთხი სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა და წლის ბოლო ორი შეხვედრის მზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული.

ნიკა კვეკვესკირი: ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია.

💬 ნიკა კვეკვესკირი: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ.

ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას, ამასთან ერთად მათ ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს შანსი მიეცემა.

ვფიქრობ, რომ მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ უახლოეს ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია.

მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველა ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ."

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენიდან შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენში 14 ნოემბერს დილით გაემგზავრება. მოგვიანებით კი, შვეიცარია - საქართველოს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავენ. საწვრთნელი პროცესის დაწებამდე ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი) 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

შვეიცარია, სენტ გალენი 14 ნოემბრის განრიგი:

16:15* - შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:00* - შვეიცარიის ნაკრების ვარჯიში
18:30* - საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00* - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

* შვეიცარიის დროით

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიაკციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.