სიახლეები

ფიფას TMS-ის სემინარი თბილისში

სფფ
გაუზიარე

31 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას ორგანიზებით TMS-ის ერთ დღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი, ფიფას TMS-ის ჯგუფის ლიდერი, სილვია კოსტა სალვა, TMS-ის იურისტი, ბერნარდ უებერი და TMS-ის გადამზადებისა და დამხმარების კოორდინატორი, დანა ბუტიკერი დაესწრნენ.

სემინარის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აკაკი ალადაშვილმა მიმართა:

? აკაკი ალადაშვილი: "ფიფა-ს რეგულაციები ფეხბურთელის სტატუსსა და ტრანსფერზე, განსაკუთრებით კი სოლიდარობის გადასახადებისა და წვრთნის კომპენსაციის მექანიზმები, წარმოადგენენ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მეტად მნიშვნელოვან წინაპირობას.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი საინტერესო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩართული იქნება ამ სემინარებში - ჩვენი კოლეგები ფედერაციიდან და კლუბების წარმომადგენლები.

სატრანსფერო სისტემა საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე ფეხბურთში. არსებობს უამრავი კითხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სატრანსფერო გადასახადები, წვრთნის კომპენსაცია, ასევე მცირეწლოვანთა და მოყვარულ ფეხბურთელთა ტრანსფერები.

საქართველოში ჩვენ ვნერგავთ TMS-ის ეროვნულ სისტემას. შესაბამისად, საინტერესოა ამ სფეროში ექსპერტებთან ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა და გაზიარება."

საინფორმაციო შეხვედრის ფარგელბში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა ფიფას წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ფეხბურთელის სტატუსსა და ტრანსფერზე, განსაკუთრებით კი სოლიდარობის გადასახადებისა და წვრთნის კომპენსაციის მექანიზმებზე.

ფიფას TMS მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ფეხბურთელების ტრანსფერებისა და რეგისტრაციის სისტემას წარმოადგენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს აღნიშნული სისტემის საქართველოში დანერგვაზე.