სიახლეები

საქართველოს თასის ფინალი | საბურთალო - ლოკომოტივი

საქართველოს თასი
გაუზიარე

23 ოქტომბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში პირველად ნახევარფინალში ლიგა 4-ის გუნდმა იასპარეზა. საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა "გარეჯმა" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა. საგარეჯოელებმა თბილისურ გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და წლევანდელი სათასო სეზონი ღირსეული მატჩით დაასრულეს. ანგარიში მე-13 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, დემეტრე ბულისკერიას კარი ახლო მანძილიდან ილია გუჯარაიძემ აიღო. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში "ლოკომოტივმა" ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა "გარეჯმა" თავი კარგად დაიცვა და მეტოქეს რეალური საგოლე მომენტი არ შეაქმნევინა. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა, თბილისელებმა უფრო აგრესიულად შეუტიეს და სამ წუთიან მონაკვეთში წინ გავიდნენ. 56-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა, 59-ეზე კი, ნიკა ჭანტურიამ გაიტანა და "ლოკომოტივი" დააწინაურა. ლევან კორღალიძის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. 62-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა, საბა თავაძემ ნიკა ნოზაძის გრძელი გადაცემით ისარგებლა და თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში თავაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ საგარეჯოელთა შემტევის დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. თბილისელებმა გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე გაიტანეს, 11-მეტრიანი ზუსტად თეიმურაზ შონიამ შეასრულა. მატჩის დასრულებამდე გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ შედეგი არ შეცვლილა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის "ლოკომოტივმა" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

საგარეჯოში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევრის საწყის წუთებზევე გაიხსნა. 48-ე წუთზე ძლიერი შორეული დარტყმით ქუთაისელთა კარი გიორგი კოხრეიძემ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ ტორპედოელებმა რამდენჯერმე სცადეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს და თასის გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ. 69-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ანრი ჭიჭინაძემ ჩაჭრა. 2019 წლის სეზონის დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში 7 დეკემბერს, ერთმანეთს თბილისური კლუბები, "ლოკომოტივი" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.