სიახლეები

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული 'ლანჩხუთი' გახდა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად ქალთა ფეხბურთის გუნდი "ლანჩხუთი" გახდა. ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცეს.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ოფიციალურად დავაჯილდოეთ საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის ჩემპიონი გუნდი "ლანჩხუთი", რომელმაც ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. ყველას გვიხარია, რომ გუნდმა დამსახურებულად მოიგო აღნიშნული გათამაშება და მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

ქალთა ფეხბურთის მიმართულებით ლანჩხუთში ნამდვილად დიდი პროგრესი გვაქვს. სასიამოვნოა, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ იქ არ შეიმჩნევა, ბოლო პერიოდში ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშებს თუ გადავხედავთ პროგრესი იქაც შეიმჩნევა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი "ლანჩხუთის" შემადგენლობიდან ეროვნული ნაკრების ღირსებას ბევრი მოთამაშე იცავს.

​ქალთა ფეხბურთის განვითარება ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამას ჩვენი მიდგომით ყოველ წლიურად ვამტკიცებთ. გვიხარია, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს, წარმატებას ვუსურვებ "ლანჩხუთს" და ყველა ქალ ფეხბურთელს. მოვუწოდებ გოგონებს ითამაშონ ფეხბურთი, ისიამოვნონ ამით და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მათ."

​​საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან "ლანჩხუთმა" 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის "ნიკეს" ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით "ლანჩუთი" საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.