საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მთელი კვირის განმავლობაში ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე წარიმართა. 11 ოქტომბერს გამართულ ვარჯიშს, რომელშიც 23 ფეხბურთელი იყო ჩართული, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნულ გუნდში შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია და წლის ბოლო საშინაო შეხვედრას დიდი მოლოდინით ხვდება.
? ოთარ კიტეიშვილი: “ყველამ ვიცით, რომ ირლანდია ჩვენთვის უსიამოვნო მეტოქეა წინა შედეგების გათვალისწინებით. მომდევნო თამაშში ვფიქრობ, შეგვიძლია უარყოფითი ბალანსი დავარღვიოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. დანიასთან ძალიან ორგანიზებული იყო მთელი გუნდი და იმედი მაქვს, ასე იქნება ირლანდიასთან შეხვედრაშიც.”
დღევანდელი სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, გიორგი ქვილითაიასთნ ერთად მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. მზადების ხუთდღიანი მონაკვეთი და მომდევნო მატჩი სლოვაკმა სპეციალისტმა ასე შეაფასა:
? ვლადიმირ ვაისი: "ირლანდიის წინააღდეგ გასამართი მატჩისთვის მზადება ორშაბათიდან დავიწყეთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე ჯგუფის ლიდერია. ირლანდია კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ხარისხი მან დღემდე გამართულ შეხვვედრებში უკვე აჩვენა. რა თქმა უნდა, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ დარჩენილი მატჩები ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა. იქ წარმატება კი ყველას ოცნებაა.
ირლანდიას ძალიან დაბალანსებული ნაკრები ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქეს ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს, რომლის წინააღმდეგ გოლის გატანა იოლი არაა. ირლანდიელი ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. გუნდს ნამდვილად კარგი ბალანსი აქვს დაცვისა და შეტევის ხაზში.
ირლანდიას შეინ დაფი დაუბრუნდა, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელი და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის განსაკუთრებით სახიფათო სტანდარტული სიტუაციების დროს არის.
წარმატების მისაღწევად ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს დანიასთან იყო, მაგრამ შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. პირველი გოლის გატანას შევეცდებით და იმედი მაქვს, რომ ისტორიაში პირველად ირლანდიას დავამარცხებთ."
გიორგი ქვილითაია: "ვფიქრობ, რომ ნაკრები მენტალურად მზადაა, რადგან დანიის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ და ამან თავდაჯერებულობა შეგვმატა. ირლანდიის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო შეხვედრას გავმართავთ და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის გვამხნევებს მოვა სტადიონზე. ჩემი აზრით, უკვე დროა, რომ დავამარცხოთ ირლანდია და სამი ქულა მოვიპოვოთ”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირება, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 12 ოქტომბერს შედგება. დინამო არენაზე დაგეგმილი შეხვედრა 17 საათზე დაიწყება, შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა "დინამო არენას" სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.