საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე ოთხი დღეა ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 10 ოქტომბერს, ს.კ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ამ ეტაპზე შეკრებაზე 23 ფეხბურთელი იმყოფება და ირლანდიისა და გიბრალტართან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
? გურამ კაშია: "ირლანდიასთან ყოველთვის საინტერესო თამაში გვაქვს. შემადგენლობას, რომელიც ამ მატჩისთვის ემზადება, ვფიქრობ, რომ შეუძლია არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლა და ირლანდიასთან სასურველი შედეგის მიღწევა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო მატჩებს ირლანდიასთან, უფრო უკეთესი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს.
ვფიქრობ, დროა წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარი გავახაროთ და ის შედეგი ვაჩვენოთ, რომელიც ყველას დაგვაკმაყოფილებს. დინამო არენაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და დარწმუნებული ვარ ირლანდიელთა წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. ირლანდია ჯგუფის ლიდერია და მათთვის ყველა ქულას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ მათ წინააღმდეგ და შედეგიც აუცილებლად იქნება."
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. 11 ოქტომბერს, ორივე გუნდი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. ჩვენი გუნდი კვლავ ს.კ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს. ირლანდიელთა საწვრთნელ პროცესს კი, თბილისის "დინამო არენა" უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები კუთვნილ აკრედიტაციას 11 ოქტომბერს, დინამო არენას მედია ცენტრში 12 საათიდან 17 საათამდე მიიღებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ს პრესსამსახურს.
11 ოქტომბრის განრიგი:
15:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა)
16:30 ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა)
17:00 ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (დინამო არენა - გადაღება დაშვებულია საწყისი 15 წუთის განმავლობაში)
18:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა, გადაღება დაშვებულია საწყისი 15 წუთის განმავლობაში)
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის "დინამო არენაზე" 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა "დინამო არენას" სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.