სიახლეები

მასობრივი ფეხბურთის კვირეული მასტერ ლიგის საჩვენებელი მატჩით დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

30 სექტემბერს, მზიურის მინი საფეხბურთო მოედანზე უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში 7x7 მასტერ ლიგის გათამაშების საჩვენებელი მატჩი გაიმართება. შეხვედრაში ერთმანეთს მასტერ ლიგის გამორჩეული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული თბილისისა და რეგიონების შვიდეულები დაუპირისპირდნენ. მატჩში მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან და ვიცე-პრეზიდენტ, ნიკა ჯღარკავასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

მზიურის მინი საფეხბურთო მოედანზე გამართულ სანახაობრივ შეხვედრაში თბილისის შვიდეულმა მეტოქე, ანგარიშით 11:9 დაამარცხა. აღნიშული საჩვენებელი მატჩით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებული 2019 წლის უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული დასრულდა.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "დღევანდელი ღონისძიებით მასობრივი ფეხბურთის კვირეული დასრულდა. ზოგადად ძალიან დატვირთული კვირა გამოგვივიდა და ვფიქრობ, რომ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს.

მასტერ ლიგა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. საწყის ეტაპზე ტურნირი მხოლოდ თბილისში გაიმართა, მაგრამ მან უკვე ფაქტიურად მთელი საქართველო მოიცვა და ტურნირი თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ მასტერ ლიგაში ყოფილი ფეხბურთელებიც აქტიურად არიან ჩართული. ჩვენ კი, ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავს პროექტებს, რადგან სწორედ ეს არის მასობრიობა და ფეხბურთში ჩართულობა რაც ჩვენ გვაკლია და რაც მთავარია ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ განვვითარდეთ."

? ნიკა ჯღარკავა - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "მასობრივი ფეხბურთის კვირეული თბილისში #WePlayStrong Together-ის ფარგლებში გამართული გოგონათა ერთდღიანი ფესტივალით დავიწყეთ, რომელსაც მომდევნო დღეებში სოფლის მოედნების რეაბილიტაციის მოედნების პროექტი, "ფეხბურთი სკოლებში" და სფფ-ის სხვა პროექტები მოჰყვა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება.

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის დასრულება მასტერ ლიგით გადავწყვიტეთ, რადგან ეს ჩვენი ყველაზე ახალი პროექტია და უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მან არა მარტო თბილისში არამედ მთელს საქართველოში გაამართლა და უკვე ექვსი თვეა წარმატებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული 22 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პროგრამა #WePlayStrong Together -ის ფარგლებში გამართული გოგონათა ერთდღიანი ფესტივალით დაიწყო და მთელი კვირის განმავლობაში სფფ-ის წარმომადგენლებმა რეგიონებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს, რომელთა მთავარი მიზანი ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა და მასობრიობის ზრდაა.