საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ისა და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ინიციატივით, მასობრივი ფეხბურთის კვირეულისა და კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, 29 სექტემბერს, დავით პეტრიაშვილის არენაზე მამებისა და შვილების საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
„მამების თასი 2019”-ში მონაწილეობა 23-მა გუნდმა მიიღო. მამები, რომლებიც მწვრთნელების ამპლუაში იყვნენ, ტურნირზე 8-12 წლის გოგონებისა და ბიჭებისგან თანაბარი რაოდენობით დაკომპლექტებული გუნდები წარმოადგინეს.
„მამების თასის” 2019 წლის გათამაშების ყველა მონაწილემ სამახსოვრო პრიზები მიიღეს - მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მაისურები, ბურთები და 12 ოქტომბერს გასამართი უეფას ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩის - საქართველო - ირლანდიის დასასწრები ბილეთები გადაეცათ.
ტურნირის ჩემპიონი “ატლეტიკო სუპერსტარი” გახდა და გუნდს ორგანიზატორებისგან სპეციალური თასი გადაეცა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით კი, გამარჯვებული გუნდის წევრები საქართველო-ირლანდიის თამაშზე ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად შეძლებენ მატჩის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მიღებას. საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ კი, „მამების თასის“ ჩემპიონი გუნდის წევრებს საკუთარ აკადემიაში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას მისცემს.
? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „მამების თასი“ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია. ძალიან კარიგა, რომ ტურნირის საშუალებით ბავშვებთან მიმართებაში მამების როლი კიდევ უფრო იზრდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალთა ფეხბურთის განვითარება და სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი გოგონას ჩართვაა. „მამების თასი“ კი, ამის ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან ბიჭებსა და გოგოებს ერთ გუნდში თამაშის საშუალება ეძლევათ.“
? მირიან ჯუღელი - პროექტის „კაცები ზრუნავენ“ კოორდინატორი: „თბილისში ძალიან კარგი საფეხბურთო დღეა, „მამების თასი“ უკვე მესამედ ტარდება და მისი მთავარი მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. ჩვენ სპორტი ძალიან გვიყვარს და სწორედ ამიტომ ვატარებთ მსგავს ტურნირს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მამებმა გუნდი გოგონებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობით უნდა დააკომპლექტონ.“
პროექტი „მამების თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივს” შორის არსებული თანამშრომლობის ნაწილია და უკვე მესამედ იმაფრთება. მისი მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.