უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობას განაგრძობს. 26 სექტემბერს, სახალისო საფეხბურთო ღია სკოლების პროექტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა სფფ-ის თანამშრომლებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნას ესტუმრნენ.
გურნას სტადიდიონზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა 230-მდე მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ბავშვმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ სახალისო აქტივობაში ბიჭები და გოგონები თანაბრად იყვნენ ჩართულნი. საწვრთნელი პროცესი სფფ-ის მიერ სპეციალურად გადამზადებულმა მწვრთნელებმა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ჩაატარეს. ადგილობრივ ბავშვებთან ერთად კი, სახალისო სავარჯიშოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, პირველი ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ სფფ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად შეასრულეს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს ბურთები და მაისურები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პროექტი "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით პროექტმა ახალ მასშტაბები შეიძენა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს.
დღესვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშს ესტუმრნენ. სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა არის აუცილებელი. დღის ბოლოს კი, ადგილობრივ გუნდსა და სფფ-ის გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის გუნდის შემადგენლობაში თანამშრომლებთან ერთად პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა იასპარეზეს. ჩხენიშის გუნდის შემადგენლობაში კი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ითამაშა.
? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "დღეს ტყიბულის რაიონის სოფელ გურნაში ვიმყოფებოდით, სადაც სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის მორიგი ღონისძიება გაიმართა. სახალისო აქტივობაში 200-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, როგორც ბიჭებმა ასევე გოგონებმა. სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის მონაწილე ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში სახალისო საფეხბურთო ვარჯიშები ჩაუტარდათ.
გურნას შემდეგ ჩვენ სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშს ვესტუმრეთ და სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სტადიონი აღვადგინეთ. შემოიღობა მოედნის მთელი ტერიტორია და მოეწყო ყველა ის პირობა, რაც სტადიონის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძალიან სასიამოვნოა, რომ განახლებულ მოედანზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ.
საბოლოო ჯამში, ძალიან აქტიური და სასიამოვნო დღე გამოგვივიდა, ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო დღევანდელ ღონისძიებებში, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს და სქესს, ჩვენი მიზანია, რომ სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. მინდა დღევანდელ აქტივობებზე მოსულ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო."
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და უეფას მხარდაჭერით მასობრივი ფეხბურთის კვირეული 29 სექტემბერს თბილისის "დავით პეტრიაშვილი არენაზე" "მამების თასით" გაგრძელდება.