სიახლეები

იწყება უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

22 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიმართება, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სხვადასხვა ღონისძიებებით ერთვება.

იხილეთ ღონისძიებების განრიგი:

22 სექტემბერი, კვირა, 12:00 - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი - უეფას პროგრამა #WePlayStrong Together-ის ფარგლებში გოგონათა ერთდღიანი საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც 15-წლამდე 30 გოგონა მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ჩართულობით სხვადასხვა სახის სავარჯიშო და გასართობი აქტივობები იგეგმება. აღნიშნულ ფესტივალში ჩართული გოგონები მიმდინარე წლის ივლისში გამართული საზაფხულო ბანაკის #WePlayStrong Summer Camp Georgia-ს მონაწილეები არიან.

24 სექტემბერი, სამშაბათი, 15:00 - ცაგერი - სფფ-ს წარმომადგენლები ცაგერის საჯარო სკოლას ესტუმრებიან, სადაც წვრთნებს სფფ-ის პროგრამა "ფეხბურთი სკოლებში"-ს ფარგლებში გადამზადებული პედაგოგი ატარებს. სტუმრები საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრებიან და სკოლას სხვადასხვა სახის სპორტულ ინვენტარს გადასცემენ.

25 სექტემბერი, ოთხშაბათი, 14:00 - ოზურგეთის რაიონი სოფელი ლიხაური - სფფ-ის წარმომადგენლები სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სტადიონის მოწყობაში მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობას საფეხბურთო ინვენტარს გადასცემენ და დღის ბოლოს ლიხაურის სამოყვარულო გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რომელშიც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

26 სექტემბერი, ხუთშაბათი, 11:00 - ტყიბულის რაიონის სოფელი გურნა - სახალისო საფეხბურთო ღია სკოლები (Open Fun Football Schools) სფფ-ს წარმომადგენლები ჩაერთვებიან სახალისო წვრთნებში, რომელსაც სფფ-ს მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებული მწვრთნელები მართავენ. პროექტში მიმდებარე სოფლების 200-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

26 სექტემბერი, ხუთშაბათი, 14:00 - სამტრედიის რაიონი სოფელი ჩხენიში - სფფ-ის წარმომადგენლები, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სტადიონის მოწყობაში მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობას საფეხბურთო ინვენტარს გადასცემენ და  ადგილობრივ ფეხბურთის გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

29 სექტემბერი, კვირა, 12:00 - დავით პეტრიაშვილის არენა -  „მამების თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საფეხბურთო კლუბ "თბილისის ლოკომოტივის" საერთო პროექტი უკვე მესამედ იმართება.