საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქალთა ფეხბურთის კლუბებისთვის ლიცენზირების სისტემა ინერგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ქალთა ლიგაში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია და სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრისას კლუბების წარმომადგენლებს განემარტათ ლიცენზირების პროცესის სპეციფიკა და ის კრიტერიუმები, რომლებიც ლიცენზიის მისაღებად უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი სალიცენზიო პროცესი 2020/2021 უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის განხორციელდება.
დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბევრ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ქალთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. როგორც იცით, 2020 წელს საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს 19 წლამდე გოგონათა შორის.
2020 წლიდან კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რაც ქალთა საკლუბო განვითარებას შეუწყობს ხელს. ლიცენზირების პროცესი იწყება ქალთა ფეხბურთის კლუბებისთვის და ქალთა ეროვნულ ლიგაში 2020 წლიდან სავალდებულო იქნება შესაბამისი ლიცენზიის ქონა. ამასთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გაიმართა სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის ხელმძღვანელსა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა ფეხბურთის კლუბებთან და გავაცანით ლიცენზირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კლუბმა, რათა მიიღონ ქალთა ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება."