საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 2 სექტემბერს, ლევან ბაჯელიძის გუნდმა “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა.
ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იტალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობას “გორი იუნაიტედის” მცველი, ნათია სხირტლაძე და გერმანული “კარლსრუეს” ფეხბურთელი, თამარ ქველიძე დაემატნენ.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრებში ტრავმების გამო საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ლიდერები, გულნარა გაბელია და ტატა მატვეევა ვერ ეხმარებიან.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (“ერეგლი ბელედიესპორი”, თურქეთი), თათია გაბუნია (“ლანჩხუთი”)
მცველები: ნინო სუთიძე (“ნიკე”, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (“ლანჩხუთი”), მარიამ კალანდაძე (“ლანჩხუთი”), ელენე რაუხი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (“ნიკე”, თბილისი), ნათია სხირტლაძე (“გორი იუნაიტედი”, გორი), თამარ ქველიძე (“კარლსრუე”, გერმანია)
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (“ნიკე”, თბილისი), ხატია ჭყონია (“ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (“ლანჩხუთი”), თეონა ბაქრაძე (“ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (“ლანჩხუთი”), თამარ ეპიტაშვილი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), ირინა ხაბურზანია (“ლანჩხუთი”)
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (“ჟალგირისი”, ვილნიუსი, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (“ედნისტ-პლისკი”, უკრაინა), ნათელა წოწერია (“ლანჩხუთი”), თამრიკო სალუქვაძე (“ლანჩხუთი”)
საქართველოსა და იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 3 სექტემბერს 16:15 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.