საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით უეფას პროგრამა #WePlayStrong Together-ის ფარგლებში სფფ-ის ლაგოდეხის აკადემიაში 5 დღიანი საზაფხულო ბანაკი #WePlayStrong Summer Camp Georgia გაიხსნა.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას 15-წლამდე 70 გოგონა იღებს. ხუთი დღის განმავლობაში გოგონებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის სავარჯიშო, გასართობ და შემეცნებით პროგრამებში. ბანაკის ფარგლებში დაგეგმლია ადგილობრივ მუზემში სტუმრობა და კინოჩვენებები. კემპის მონაწილეებს ბიბლუსის მიერ მოწყობილ სპეციალურ კუთხეში სასურველი წიგნების წაკითხვაც შეეძლებათ.
საზაფხულო ბანაკის მონაწილე გოგონებს სახალისო ვარჯიშებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები ჩაუტარებენ.
#WePlayStrong ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი კამპანიაა, რომლის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დანგრევა და გოგონების ფეხბურთში ჩართვაა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საზაფხულო ბანაკი პირველად იმართება. მისი მთავარი მიზანი ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი გოგონას მოზიდვა და ამ საშუალებით ქალთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაა.