ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ამიერიდან მას საშუალება ექნება საკლუბო და სანაკრებო დონეზე მაღალი დონის მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.
გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო და 34 წლის ქართველმა არბიტრმა, განახლებული სტატუსით უკვე იმსაჯა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე ფინურ “ჰიკსა” და ფარერის კუნძულების ჩემპიონ “ჰავნარს” შორის.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა:
“ფიფას არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა. პირველ რიგში, მივულოცავ მას ამ წარმატებას. ეს დაწინაურება გიორგის საშუალებას მისცემს, რომ მომავალში უფრო მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრები განსაჯოს. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა მისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მასთან ერთად მთლიანად მსაჯთა კორპუსის წარმატებაა და დამწყები მსაჯებისთვის უდიდეს მოტივაციას წარმოადგენს.” - განაცხადა დავით მუჯირმა.
ქართველი არბიტრის წარმატებასთან ერთად სფფ-ის გენერალურმა მდივანმა მსაჯთა კორპუსის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა:
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ განავითაროს მსაჯთა კორპუსი და ხელი შეუწყოს მსაჯთა განვითარებას. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი “მსაჯთა აკდემიაა”, რომლის ფარგლებში უკვე სამი კურსი გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობაში ამ პროექტმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ბოლომდე შევუწყობთ ხელს, როგორც ამას ეროვნული და ფიფას კატეგორიის არბიტრების შემთხვევაში ვაკეთებთ. ბოლო წლებში ჩვენ მათ ყველა ის განახლებული საკომუნიკაციო საშუალება შევუძინეთ, რომელიც მატჩის სრულყოფილად განსასჯელადაა საჭირო. ამასთან ერთად შევიძინეთ სპეციალური ატრიბუტიკა, რომელიც მსაჯების ფიზიკურად მომაზდებისთვისაა საჭირო.”
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ახალი ტექნიკური პარტნიორი ეყოლება. ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ქართველი მსაჯები Umbro-ს სპორტული ეკიპირებით შეიმოსებიან.
“სასიხარულოა, რომ Umbro-ს სახით ახალი პარტნიორი გვყავს. ფეხბურთის ფედერაციამ 200-მდე არბიტრისთვის განახლებული ეკიპირება შეიძინა, რომელსაც მსაჯთა კორპუსი ეროვნული ლიგის შესვენების დასრულების შემდეგ გამოიყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში და სფფ-ის ეგიდით გამართულ ყველა სხვა ტურნირზე მსაჯები ერთიანი ეკიპირებით იქნებიან წარმოდგენილი. ჩემი მხრივ, განახლებულ სეზონში წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს როგორც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში, ისე საერთაშორისო დონეზე გამართულ შეხვედრებში.” - აღნიშნა დავით მუჯირმა.