სიახლეები

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

18-19 ივნისს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა ლიგა 4-ის გუნდების, საგარეჯოს "გარეჯისა" და თბილისის "სპაერის" დაპირისპირება. საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 3:3 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთ მასპინძლებმა შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით - 4:2 დაამარცხეს.

მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის "საბურთალომ". გია ჭიაბრიშვილის გუნდი სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. საბურთალოელთა მხრიდან გოლები ლაშა შინდაგორიძემ და ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანეს, სამტრედიელთა შემადგენლობიდან კი, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გოგიტა გოგუამ შეასრულა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ლიგა 3-ში მოასპარეზე მარტვილის "მერანმა". გია გიგატაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ, ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით - 3:0 დაამრცხა მეტოქე. გურულებს თითო გოლი ზაურ გოგუაძემ, ბაქარ ლაღაძემ და დიმიტრი მიქავამ გაუტანეს.

მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ლიგა 3-ის კიდევ ერთმა კლუბმა მოიპოვა. "თბილისი სითიმ" "ზუგდიდს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 3:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მე-8 წუთზე, მარტინს ნვანკვოს გატანილი გოლის წყალობით ზუგდიდელები აღნიშნულ შეხვედრას იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა შექმნილი მომენტები გამოიყენეს და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. გამარჯვებულთა რიგებში გოლები ბექა ხოჯანაშვილმა, გიორგი შუბითიძემ და ლუკა მახაჭაშვილმა გაიტანეს.

მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგო თბილისის “ლოკომოტივიმა”. დედაქალაქელები სტუმრად “თელავს” დაუპირისპირდნენ და 42-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს მეტოქე.

მუხიანის სპორტ კომპლექსის სტადიონზე ერთმანეთს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2018 წლის სეზონის ფინალისტები “გაგრა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა ტურნირის მოქმედი ჩემპიონის, ქუთაისური კლუბის გამარჯვებით დასრულდა. კახა ჩხეტიანის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა. თორნიკე კაპანაძის, გრიგოლ დოლიძისა და ნოდარ ქავთარაძის გოლებს, “გაგრას” შემადგენლობიდან ზვიად მეტრეველმა და თენგიზ ბრეგვაძემ უპასუხეს.

მერვედფინალური ეტაპის მთავარი სენსაცია “სპაერის” სტადიონზე დაფიქსირდა. თბილისის “მერანმა” თანაქალაქელ “დინამოს” უმასპინძლა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში გამოთიშა ასპარეზობას. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს კი, 114-ე წუთზე, გოგი ფიფიამ საკუთარი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩის გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

მერვედფინალის ბოლო შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “რუსთავმა” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე რუსთაველთა კაპიტანმა, ლუკა სილაგაძემ გახსნა. საბოლოო შედეგი კი, 70-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ დააფიქსირა.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერდფინალური მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება "გარეჯმა", "საბურთალომ", მარტვილის "მერანმა", "თბილისი სითიმ", "ლოკომოტივმა", "ტორპედომ", თბილისის "მერანმა" და "რუსთავმა" მოიპოვეს.

© ფოტო - ს.კ საბურთალო