სიახლეები

საქართველო 3:0 გიბრალტარი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

7 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის “დინამო არენაზე” ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი გიბრალტარს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, კვარაცხელია-კაკაბაძის სწრაფი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ვაკო გვილიამ დაასრულა. რამდენიმე სახიფათო მომენტის მიუხედავად პირველ ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა. 

მეორე ტაიმი საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევებით განახლდა და 59-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე დაფიქსირდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვატო არველაძემ ზუსტად შეასრულა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის ავტორი გახდა.

გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. 

საქართველო 3:0 გიბრალტარი

თბილისი, “დინამო არენა”

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგავალვა, ხარაბაძე, კანკავა (77’ მჭედლიძე), კვეკვესკირი, კვარაცხელია (47’ პაპუნაშვილი), გვილია, მერებაშვილი (72’ კიტეიშვილი), არველაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, პარუნაშვილი, აბურჯანია, ლობჟანიძე, დვალი, ხარაიშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერგინტი, ანესლი(86’ ბარნეტი), კასკიარო (65’ პონსი), ბარდონი (77’ კუმბესი), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანტ. ერნანდესი, დე ბარი

სათადარიგო შემადგენლობა: კაფერი, კოლინგი, გარსია, ჯოლი, სტიჩი, მულჰი, ანდ. ერნანდესი, ბრიტო, პრისტლი

მთავარი მწვრთნელი: ხულიო რიბასი

მსაჯები: ანტი მუნუკა (ფინეთი), იან-პეტერ არავირტა (ფინეთი), ტურკა იონას ვალიაკა (ფინეთი), მატიას გესტრანიუსი (ფინეთი)

გაფრთხილება: 45’ კანკავა, 50’ სერგინტი, 62’ ოლივერო, 76’ რ. ჩიპოლინა

გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (პენ.) (76)

მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განვილილი შეხვედრა შეაფასა და დანიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

"საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული სამი ქულა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე რეიტინგში დაბალ პოზიციაზე იმყოფება. ვფიქრობ, რომ 2-3 გოლი გატანა კიდევ შეგვძელო, მაგალითად გვილიას კარგი შანსები ჰქონდა. საბოლოოდ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესად თამაში გვმართებს, ზონებში უკეთ უნდა ვიხსნებოდეთ. ანგარიშის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი გოლის გატანის სურვილი უნდა გვქონდეს.

საკუთარ მოედანზე მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, უკვე მომდევნო თამაშისთვის ვემზადებით. ჯაბა კანკავა შევცვალე იმიტომ, რომ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მოვერიდე, რომ მეორე გაფრთხილება არ მიეღო. ისე კი, ვფიქრობ, რომ ჯაბა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვატო არველაძეს დაუთმო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჯაბა დიდი ჯენტლმენი  და ნამდვილი კაპიტანია.  მან ახალწვეულისადმი ამ ნაბიჯით დიდი მხარდაჭერა გამოხატა.

ახალგაზრდები რომლებიც დღეს ძირითად შემადგენლობაში პირველად იყვნენ, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, დანიის წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებები ნამდვილად იქნება. სავარაუდოდ 2-3 ფეხბურთელი შეიცვლება. ამას საბოლოოდ ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, როცა გვეცოდინება თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები ფიზიკურად. სამწუხაროა რომ ტრავმების გამო კვერკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება." -  განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა კოპენჰაგენში  10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება. ჩვენი გუნდი დანიის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 9 ივნისს გაემგზავრება.