სიახლეები

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

სფფ
გაუზიარე

4 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა. ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

4 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა:

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს „სამეგრელოსა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო ორივე კლუბი დაჯარიმდა 200-200 ლარით. ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ წევრი ანა გაბედავა დისკვალიფიცირებულნი არიან სამ-სამი მატჩით.

მე-15 ტურში ბოლნისის „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი - დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეულ ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე როგორც, ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება „სიონს“.

თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდე ლიგაში „საბურთალოსა“ და „ავაზას“ მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, „ავაზას“ გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას, მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის „ეგრისისა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო „სამეგრელო“ დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტს თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.