სიახლეები

თსუ ფუტსალის ლიგის თასის პირველი გამარჯვებულია!

ფუტსალი
გაუზიარე

ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა!

ფინალურ დაპირსპირებაში ერთმანეთს ორი უმაღლესი ლიგის გუნდი, თსუ და თელასი შეხვდნენ. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. „ენერგეტიკოსები“ ოცდამეოთხე წუთზე ამირან ცხომარიას გოლმა დააწინაურა. გიორგი ჩიმაკაძემ წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა და ანგარიში 1:1 გახდა. დარჩენილ დროში, მცდელობების მიუხედავად, ვერც ერთმა გუნდმა თამაშის ბედის გადაწყვეტა ვერ შეძლო და ლიგის თასის გამარჯვებული „საფეხბურთო ლატარეაში“ გამოვლინდა. „უნივერსიტეტელების“ მხრიდან ლევან კობაიძემ და გიორგი ჭოხონელიძემ პენალტი ზუსტად შეასრულეს. გიორგი სოზაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თსუ-ს მეკარემ, ალი ასლანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო და თსუ-მ საბოლოოდ 3:2 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგის პირველი გამარჯვებული 2016/17 წლების სეზონში, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და დღევანდელი შედეგით მან სადებიუტო ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „ჩვენი მოწინააღმდეგე ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. თელასი ძალიან ძლიერია და შეხვედრაში ფავორიტები სწორედ ისინი იყვნენ. თამაში მათი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბიჭების თავდადებით მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით და ანგარიში გავათანაბრეთ. ჩვენს გულშემატკივრებს დღევანდელ შედეგში დიდი წვლილი მიუძღვით - ბოლო წამამდე გვამხნევებდნენ. თვითონ ტურნირმა, ძალიან კარგად და ხარისხიანად ჩაიარა, რისთვისაც SBM-ის სპორტულ სააგენტოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდი. თასის თამაშები ჩვენთვის დამატებითი გამოცდილება იყო. დებიუტანტი გუნდი ვართ და გვინდოდა სეზონი ტიტულით დაგვესრულებინა. იმედი მაქვს, ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება.“

ამირან ცხომარია, თელასი: „პირველ რიგში, მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ეს ჯილდო დაიმსახურეს. ფინალამდე რთული გზა გამოვიარეთ, TMC და პსპ დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ. დღეს კი, ნამდვილად სანახაობრივი თამაში გამოვიდა, თუმცა მეტოქემ პენალტების სერიაში გვძლია. რაც შეეხება თასის გათამაშებას, ძალიან კარგია, რომ სისტემატიური სახე მიეცემა ამ ყველაფერს. რაც მეტი გუნდი ჩაერთვება, ფუტსალის განვითარებას ხელი, მით მეტად შეეწყობა.“

ალი ასლანი, თსუ: „ძალიან ძნელი და კარგი თამაში იყო. თელასს ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ფინალისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. რთული ვარჯიშები გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ. გულშემატკივარი ყველა თამაშში გვამხნევებდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. მიხარია, რომ ფინალის საუკეთესო მოთამაშე გავხდი და მადლობა ორგანიზატორებს ამ ლამაზი ჯილდოსთვის.“

დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: „თასის გათამაშების მთლიანი სეზონი დაძაბული გამოვიდა. ფინალიც სანახაობრივი იყო. ჩვენს ქვეყანაში ამ სპორტისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. სხვა ჩემპიონატებს ფუტსალის ლიგა 2-ც დაემატა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თსუ-ს მივულოცო ტიტულის მოპოვება. თელასს კი ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში წარმატებებს ვუსურვებ. სასიამოვნო ფაქტია, რომ იმ ფეხბურთელებს, ვინც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებად მოიაზრებიან, აქვთ შესაძლებლობა ამ შეჯიბრებებით ნაკრების თამაშებისთვისაც უკეთ მოემზადონ. მათ ძალიან მნიშვნელოვანი წელი აქვთ, მოგეხსენებათ, შემდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მორიგი ეტაპი გაიმართება. ასე რომ, ყველა ლიგის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს და მიღწეულ შედეგებს ვულოცავ.“

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, თსუ-ს მეკარე, ალი ასლანი დასახელდა. გათამაშების ბომბარდირი კი, 7 გატანილი გოლით ამირან ცხომარია გახდა.