სიახლეები

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურიც მოიგო

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

ევროპის 2018-2019 წლების ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მოსამზადებელ ციკლში, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ბელარუსში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა დღეს, მინსკის საფეხბურთო მანეჟში ბელარუსი თანატოლები  კვლავ მინიმალური ანგარიშით, ამჯერად 1-2 დაამარცხეს.

ლევან ბაჯელიძე: „ვიცოდით, რომ მეორე თამაში პირველთან შედარებით, ბევრად უფრო რთული იქნებოდა. პირველი შეხვედრის შემდეგ, ადღგენის თვალსაზრისით, მხოლოდ, ერთი დღე გვქონდა. ადრეც მითქვამს, რომ ბელარუსის ეს ასაკობრივი ნაკრები, ამ ეტაპისთვის, ფიზიკურად ჩვენზე კარგ კონდიციაშია. მიუხედავად ამისა, მადლობას ვუხდი ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის შემოტრიალებისთვის. ეს ორი თამაში, ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებლად ძალიან წაგვადგება, რადგან ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ გვაკლია. საერთო ჯამში, ბელარუსის შეკრებას დადებითად შევაფასებ. ამ გამარჯვებებით, გოგოებმა დაამტკიცეს, რომ კიდევ მეტი შეუძლიათ. ამავდროულად, ორი მოგებული თამაში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან კარგია“.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს შეხვედრა, ბელარუსის 17-წლამდე გოგონების უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმიც მასპინძლებმა, 36-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, 1-0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ქართველებმა შესძლეს თამაშის გაკონტროლება და 52-ე წუთზე, ნათელა წოწერიამ ანგარიში გაათანაბრა, 1-1.  მეორე გოლი, ქართველმა გოგონებმა ზუსტად 5 წუთში გაიტანეს. გოლის ავტორი ლიზი მწყერაშვილი გახდა, 1-2.

არ შეცვალა ლევან ბაჯელიძემ, გუნდის შემადგენლობა და დღესაც, ბელარუსთან მეორე ამხანაგური იგივე სასტარტო შემადგენლობით დაიწყო, რაც 2 დღის წინ: სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი  მეგი ეჯიბია, ანა წულაიანათია დანელია () - ანა აკობიძე 46’), მაიკო ბებიაანასტასია ბოლქვაძე (მეგი გოცირიძე 82’), ლიზი მწყერაშვილი (ქეთევან ცაავა 85’), ნათელა წოწერია (მარიამ რომანჩუკი 88’).

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას აგრძელებს. ქართველი გოგონები 21-25 თებერვლის ჩათვლით მინსკში იმყოფებოდნენ და ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენი 17-წლამდე ნაკრები მცირედს შეისვენებს და მომდევნო, ორი ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად 9 მარტიდან კვლავ შეიკრიბება. საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები 13 და 15 მარტს თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრებს ორ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

ელიტ-რაუნდისთვის საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებში, ლევან ბაჯელიძის მეთვალყურეობით ემზადებიან:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი), ნინო გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი);

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“).

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17-წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები. აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველ 17-წლამდე გოგონებმა პირველად შესძლეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლების მოპოვება.