სიახლეები

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები მინსკში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

20 თებერვალს, თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ სადაც საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები 15 თებერვლიდან გადის შეკრებას, გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები 21 თებერვალს, გამთენიისას, ბელარუსში მიემგზავრება. ქართველი გოგონები ევროპის  2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან. ელიტ-რაუნდამდე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს, სადაც ჯერ ბელარუს თანატოლებს, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრებებს ეთამაშებიან.

21-25 თებერვლის ჩათვლით, ქართველი გოგონები 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ მინსკში. პირველ მატჩს, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები 22 თებერვალს ჩაატარებს. საქართველოსა და ბელარუსის 17-წლამდელთა მეორე შეხვედრა კი 24 თებერვალს გაიმართება.

ლევან ბაჯელიძე: „ჩვენთვის და ზოგადად, ქალთა ფეხბურთისთვის ელიტ-რაუნდში მოხვედრა მნიშვნელოვანია. ვიცით მოწინააღმდეგეები - ინგლისი, უნგრეთი და საბერძნეთი. ვიცით ისიც, რომ ურთულესი თამაშები გვექნება. ინგლისი ჯგუფიდან 9 ქულით გავიდა, მოიგო სამივე თამაში 6-0, 7-0 და ერთადერთი, მხოლოდ  ისლანდიასთან ვერ გაიტანა 2 გოლზე მეტი. ვიცით მწვრთნელებმა ინგლისის თამაში, ის არის სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გუნდი. თამაშობენ ტიპიური ბრიტანული სტილის ფეხბურთს, მაღალი ფეხბურთელების ხარჯზე. ინგლისზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ პირველი თამაში ელიტ-რაუნდში მათთან გვაქვს.

ელიტ-რაუნდში თამაში, გოგონებისთვის დიდი გამოცდილება იქნება. ისინი, ასეთ თამაშებში უნდა გაიზარდონ. ელიტ-რაუნდამდე რომ მივიდნენ ამ გოგონების დამსახურებაა. ზოგადად, ბოლო დროს, ქალთა ფეხბურთის მიმართ ფედერაციაში სწორი მიდგომაა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ საქართველოში საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქალთა ჩემპიონატიდან მოდის ჩვენთან ასკობრივ ნაკრებებში შევსება და გაჩნდა კონკურენცია. გვაქვს არჩევანის საშუალებაც. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც ყველანაირად გვერდში გვიდგანან. გოგონა ფეხბურთელები, სანაკრებო შეკრებებისგან თავისუფალ დროს, სწორედ კლუბებში ემზადებიან. სფფ და ქალთა ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს, რომ ელიტ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ყველა დაგეგმილი მუხლი შევასრულოთ.

22 და 24 თებერვალს ბელარუსს ვეთამაშებით. ბელარუსის ნაკრები შემთხვევით არ შეგვირჩევია. ეს არის, ინგლისის ნაკრების სათამაშო სტილთან მიახლოებული გუნდი, ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი. ერთი წლის წინ, უეფა-ს განვითარების თასზე, ჩვენ ბელარუსის ნაკრებს ვეთამაშეთ და 1-0 მოვუგეთ. თუმცა, ამ ტურნირის დროს ყველაზე მეტად, სწორედ, მათთან თამაში გაგვიჭირდა. განსაკუთრებით, მეორე ტაიმი, რომელშიც ფიზიკურად გვაჯობეს. მინსკში გასამართი ამხანაგურების დროს, გუნდის დავალება „ფიზიკაზე“ იქნება აგებული. ბუნებრივია, ეს ელიტ-რაუნდის პირველი თამაშიდან გამომდინარე დავგეგმეთ. თუმცა, საბერძნეთთან და უნგრეთთან, უკვე სხვა ტაქტიკით ვითამაშებთ,“- აღნიშნა ლევან ბაჯელიძემ.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკიდან 25 თებერვალს დაბრუნდება და 9 მარტიდან კვლავ შეიკრიბება. 13 და 15 მარტს ქართველი გოგონები უკვე, აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ ამხანაგურების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩვენი ნაკრები უკვე უნგრეთში გაემგზავრება, სადაც 21 მარტს, ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს.

ლევან ბაჯელიძეს შეკრებაზე გამოძახებული ჰყავს:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი), ნინო გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი). სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი),;

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17-წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვეს, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები.  აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველ 17-წლამდე გოგონებმა პირველად შესძლეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლების მოპოვება.