საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი გამარჯვებით დაასრულა. 2 თებერვალს, ავთანდილ ასათანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დანიას უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 6:2 დაამარცხა მეტოქე. მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, თუმცა დანიელები სახიფათო კონტრშეტევების განვითარებას მაინც ახერხებდნენ. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა შეძლო და 28-ე წუთზე, ეფექტური დარტყმით რონინიომ ანგარიში გახსნა. გატანილი გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და სამწუთიან მონაკვეთში სამჯერ აიღო მეტოქის კარი. 30-ე წუთზე გოლი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა, 31-ეზე თანაგუნდელების რამდენიმესვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით შოთა თოფურიამ დაასრულა, ამ გოლიდან რამდენიმე წამში კი, დანიელებს სიმი საიოტიმაც გაუტანა. 34-ე წუთზე თალესმა მეტოქე გუნდის მოთამაშეების შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა ხუთამდე გაიზარდა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთი წუთში, თორნიკე ბუკიას მორტენ ლარსენმა გაუტანა და ერთი ბურთი გაქვითა. მატჩის დასრულებამდე გულშემატკივარმა კიდევ ორი გოლი იხილა. 39-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ დუბლი გაიფორმა, კევინ იორგენსენმა კი, საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:2.
დანია 2:6 საქართველო
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
დანია: ანდერსენი, ელ-უაზი, ფალკი, ვეისი, ბადრანი
სათადარიგო შემადგენლობა: ჰააგი, ლუხტი, იოჰანსონი, ლარსენი, იორგენსენი, მელსენი, ვესტეგარდი, რასმუსენი
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლაი კლეინ სააბიე
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, ფუმასა, სიმი საიოტი, თალესი
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გაფრთხილება: 11' ბადრანი, 30' იოჰანსონი, 39' კეკელია
გოლები: 0:1 რონინიო (27:22), 0:2 კეკელია (29:17), 0:3 თოფურია (30:12), 0:4 სიმი საიოტი (30:43), 0:5 თალესი (33:40), 1:5 ლარსენი (35:30), 1:6 კეკელია (38:07), 2:6 იორგენსენი (38:36)
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ისრაელი და გერმანია დაუპირისპირდნენ. დრამატული შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. ისრაელი ორჯერ იგებდა მატჩს, თუმცა გერმანრლებმა ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით შეხვედრა ფრედ დაასრულეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფის სამივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშებით მოიგო, 9 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეებს 18 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი, მხოლოდ სამი ბურთი მიიღო. დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპს პოლონეთი უმასპინძლებს და მატჩები მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება.
მატჩის ჩანაწერი