საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. 30 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიას უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, დავით ბობოხიძეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა სიმბოლური ჯილდოები გადასცეს. ფუტსალის ერთერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ეროვნული გუნდის მაისურით 65 შეხვედრა ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას, მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. ჩვენმა ნაკრებმა მატჩის ბედი პირველი ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, სიმი საიოტის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად რონინიომ შეასრულა. ამ გოლიდან ზუსტად 2 წუთში საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაიზარდა, არჩილ სებისკვერაძის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში სოზერმა ჩაჭრა. შეხვედრა ქართველთა შეტევებით გაგრძელდა და მე-17 წუთზე სიმი საიოტიმ მესამედ აიღო მეტოქის კარი.
შეხვედრის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, თამაშს საქართველოს ნაკრები აკონტროლებმა და მეტოქე ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას. გოლები მატჩის მიწურულს გავიდა, 32-ე წუთზე უძლიერესი მოჭრილი დარტყმით გერმანელებს არჩილ სებისკვერაძემ გაუტანა. მალევე, 33-ე წუთზე კი, დუბლი სიმი საიოტიმ გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 39-ე წუთზე გერმანიის ნაკრებმა დააფიქსირა, საკუთარი გუნდის რამდენიმე სვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ჰაკან ერდემმა დაასრულა.
საქართველო 5:1 გერმანია
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გერმანია: პლესი, ვიტინგი, ჰოფმანი, ჰაინცე, ჰიროსავა
სათადარიგო შემადგენლობა: ვიგელსი, შნიტცერლინგი, ჰოფმანსი, ფიშერი, მეიერი, სეპი, სოზერი, საგლამი, ერდემი
მთავარი მწვრთნელი: მარსელ ლოსველდი
მსაჯები: ვლადიმირ კადიკოვი (რუსეთი), კალოიან კირილოვი (ბულგარეთი), სლავომირ სტეჟკო (პოლონეთი)
გაფრთხილება: 13' სებისკვერაძე
გოლები: 1:0 რონინიო (პენ.) (10:10), 2:0 სოზერი (ს.კ) (12:03), 3:0 სიმი საიოტი (16:02), 4:0 სებისკვერაძე (31:34), 5:0 სიმი საიოტი (32:02), 5:1 ერდემი (38:47)
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს დანიისა და ისრაელის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს თითო ქულით დანია და ისრაელი იყოფენ, გერმანიის ნაკრები კი ბოლო ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეორე ტურის შეხვედრები 31 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 17:30 საათზე ერთმანეთს გერმანია და დანია დაუპირისპირდებიან, 20:30 საათზე კი, ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებები წარსდგებიან. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
მატჩის ჩანაწერი