საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2019-ის ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო შეხვედრაში 23 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ქართველმა გოგონებმა ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს, მე-8 წუთზე ანგარიში ნათელა წოწერიამ გახსნა, მე-17-ზე კი, მეტოქის კარი ნათია დანელიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მესამე ადგილოსნის სტატუსით ელიტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
2019 წლის 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მონაწილეობას 28 გუნდი მიიღებს, რომლებიც შვიდ ჯგუფში გადანაწილდებიან. ელიტ-რაუნდის წილისყრა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გაიმართება, შეხვედრები კი, 2019 წლის გაზაფხულზე. ჯგუფების გამარჯვებული, შვიდი საუკეთესო გუნდი კონტინენტის პირველობის მასპინძელ ბულგარეთს შეუერთდება და 2019 წლის 5-17 მაისს ევროპის უძლიერეს გუნდს გამოავლენს.
საქართველო 2:0 ლატვია
სპორტპარკ ზეგერსლოოტი, ალპენ ან დენ რინი
საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, გურიელიძე, რაუხი, დანელია, ეჯიბია, ბებია (46' აკობიძე), მწყერაშვილი (90+1' ცაავა), ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (85' გოცირიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გოროზია, თავართქილაძე, რომანჩუკი
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
გაფრთხილება: 11' ოსინინა, 26' ტრეიმანე, 34' წულაია, 44' როჟაშჩენოკა, 84' ვიტმორე, 86' დანელია
გოლები: 1:0 წოწერია (8), 2:0 დანელია (17)