სიახლეები

უეფას ერთი ლიგის პირველი საშინაო მატჩი დინამო არენაზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

8 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის ეროვნულმა გუნდებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიშები გამართეს. ლატვიელთა ვარჯიშს "დინამო არენამ“ უმასპინძლა, ვლადიმირ ვაისმა კი საკუთარი გუნდი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ავარჯიშა. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის თამაშისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადა.

დღევანდელ ვარჯიშამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს "დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი: "ხვალ, ერთა ლიგაზე  წარმატების მისაღწევად მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ყაზახეთთან მოპოვებული სამი ქულა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ხვალინდელ თამაშში დადებითი შედეგის ჩვენება აუცილებელია, რომ ჯგუფში სასურველი პოზიცია დავიკავოთ. ყველა მოთამაშე მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. დღევანდელ ვარჯიშზე კიდევ დავაკვირდები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას რა შემადგენლობით ვითამაშებთ ლატვიასთან. 

ბოლო შეხვედრაში არც თუ ისე სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ, ზოგადად, ერთა ლიგა არის შეჯიბრი, სადაც ყველა შედეგისთვის თამაშობს. ჩვენთვის მთავარი შედეგი იყო. ყაზახეთის ნაკრებში სტოილოვის მოსვლის შემდეგ გუნდი აგრესიულ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. ამასთან გამკლავება რთულა, მაგრამ საბედნიეროდ ეს შევძელით. რა თქმა უნდა, ლატვიასთან განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ. ყველაზე მთავარი კი ხვალინდელი შეხვედრაში ის იქნება, რომ საგოლე მომენტების რეალიზაცია შევძლოთ. 

რაც შეეხება ლატვიას, რომელმაც ჯგუფის პირველ თამაშში ანდორის წინააღმდეგ ფრედ ითამაშა - ისინი შეტევაში ორგანიზებულად მოქმედებენ და 4-4-2 სათამაშო სქემას იყენებენ. მათი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდი, შაბალაა. ვნახოთ, კონკრეტულად რა შემადგენლობით ითამაშებს ლატვია. მათი ძლიერ მხარე კონტრშეტევებია და სწორედ ამას უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. აქედან გამომდინარე, ყაზახეთთან მატჩისგან განსხვავებული სტილით თამაში მოგვიწევს. პროცესი უნდა ვაკონტროლოთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმნათ, შემტევი და აგრესიული ფეხბურთი ვითამაშოთ და არ დავუშვათ შეცომები მეტოქის კონტრშეტევებისას. ყველა ფეხბურთელი მოუთმენლად ელოდება შეხვედრას და გულშემატკივრის გახარება სურს, იმედი გვაქვს, ლატვიის წინააღმდეგ სტადიონი გაივსება.

ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში დიდი ანგარიშით მოპოვებული გამარჯვება უკვე წარსულია. ჩვენ ამ თამაშსაც ვუყურეთ, თუმცა ხვალინდელ მეტოქეს უკვე სხვა მწვრთნელი და რამდენიმე ახალი მოთამაშე ჰყავს. აქედან გამომდინარე, ლატვია, ფაქტობრივად, ახალი გუნდია და ამხანაგურ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ სასურველი შედეგამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ხვალ სწორედ ამის გაკეთება გვსურს. ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ, განწყობა კარგია. როგორც მწვრთნელი გუნდის ეიფორიაში ჩავარდნას არ დავუშვებ; ბუნებრივია, გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებასა და გოლებს ელის. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ შემადგენლობას შევარჩევ და ისეთ განწყობას შევქმნი გუნდში, რომ ამ მიზანს მივაღწევთ.

ოქრიაშვილი ყაზახეთთან შეხვედრაში კარგად ჩაერთო, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დრო სჭირდება. თუ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, ის სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს. ანალოგიური სიტუაციაა მჭედლიძესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას შემადგენლობასთან დაკავშირებით."

გიორგი მერებაშვილი: "ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და ეიფორიაში ყოფნის უფლება არ გვაქვს. ყაზახეთში მოპოვებული სამი ქულა ძალიან  დაგვეხმარება. გუნდში კარგი ატმოსფეროა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება ხვალინდელ თამაშზე კარგად აისახება. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ლატვიასთან რთული თამაში გველის, თუმცა ვეცდებით მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყოთ და ყველაფერს გავაკეთებ სასურველი შედეგის საჩვენებლად.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ქომაგებს, რომლებიც ყაზახეთში ჩვენს გვერსით იყვნენ. თითოეული ფეხბურთელი ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას, მთელი მატჩის განმავლობაში და ყაზახეთთან მოპოვებული გამარჯვება მათი დამსახურებაცაა. აქვე მსურს მოვუწოდო გულშემატკივარს, მოვიდეს ხვალ სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

გულშემატკივარს საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა www.tkt.ge - ზე და „დინამო არენას“ სალაროებში შეუძლია.

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 9 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.