სიახლეები

საქართველოს ნაკრები ასტანაში მიემგზავრება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ჯაბა ჯიღაური არ მონაწილეობდა. ფრანგული გრენობლის ფეხბურთელი, საკლუბო მატჩის გამო, ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ყაზახეთთან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. საქართველოს ნაკრები ასტანაში 5 სექტემბერს დილით გაემგზავრება, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენი გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ვარჯიშს გამართავს. 

ყაზახეთში გამგზავრებამდე , ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის შესახებ და მოახლოებულ მატჩებზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: "ფურცელზე შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ამ კონკრეტული შეხვედრისთვის მოსამზადებლად ჩვენ მხოლოდ ორი ვარჯიში გვაქვს. ყაზახები კი, უკვე ერთი კვირაა ჩვენთან სათამაშოდ ემზადებიან, მათ ეროვნული ჩემპიონატის ტური გადადეს, რადგან ფეხბურთელების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში თამაშობს. ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს პრაქტიკულად იგივე გუნდთან უწევს მუშაობა, რომელსაც „ასტანაში“ წვრთნიდა. ეს ბუნებრივია მათი პლიუსია, თუმცა მე ჩვენი გუნდის მჯერა.

შეიძლება ითქვას, რომ ყაზახეთის ნაკრებზე კარგად არც ერთ გუნდს არ ვიცნობ, თუმცა ისინიც კარგად მიცნობენ მე. აქედან გამომდინარე ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ტაქტიკაზე, ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და ორთაბრძოლები მოვიგოთ. ტექნიკა კი, ისედაც ჩვენი პლიუსია. 

ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდის პირველი მიზანი ჯგუფის მოგებაა, დანარჩენზე კი შემდეგ უნდა ვიფიქროთ. თუმცა ანალოგიური მიზანი აქვთ ყაზახეთს, ლატვიას და შესაძლოა ანდორას.

მომავალი თამაშებისთვის გამოცდილი მოთამაშეები გამოვიძახე, რომლებსაც ვენდობი. რა თქმა უნდა, ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს დიდი ხანია არ უთამაშიათ, მაგრამ ისინი კლასით უფრო მაღლა დგანან იმ მოთამაშეებზე, რომლებიც შესაძლოა მათ მაგივრად ყოფილიყვნენ ნაკრებში. ოქრიაშვილს სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც შეცვლიდან ისე ძირითად შემადგენლობაში. ანალოგიური მდგომარეობაა მჭედლიძესთან დაკავშირებით. მასზე დაყრდნობა უფრო მეორე შეხვედრაში შეგვეძლება.

მაკარიძემ წელზე ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ უახლოეს თამაშებში ვერ დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ნაკრებში ლორია, კვასხვაძე და ახალგაზრდა კუაპტაძე გამოვიძახეთ. კუპატაძე პირველადაა ეროვნულ გუნდში და ეს მისთვის დიდი შანსია, აღსანიშნავია, რომ გუშინდელ ვარჯიშზე იგი კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი გუნდის პირველი მეკარე გიორგი ლორიაა, შესაძლოა ამ ეტაპზე მას კლუბში გარკვეული პრობლემები აქვს, მე მას ამ თემაზე ვესაუბრე. მე მისი გამოცდილებისა და განწყობის მჯერა.

რა თქმა უნდა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში კომფორტული არაა, მაგრამ ჩვენს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთ საფარზე თამაშის გამოცდილება აქვთ. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტზე ყურადღებას ვერ გავამახვილებთ. ტრავმების შემდეგ ასეთ საფარზე თამაში რთულია, ეს განსაკუთრებით მჭედლიძესა და ოქრიაშვილს ეხებათ, მაგრამ „ოქრიმ“ თქვა, რომ ის მზადაა ხელოვნურსაფარზე სათამაშოდ, ამიტომ ვნახოთ რა მოხდება."

ერთა ლიგის პირველი მატჩის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"ყველა მოუთმენლად ველოდებით ერთა ლიგის დაწყებას. ერთა ლიგა ჩვენი თამაშით იხსნება და საქართველოს ნაკრებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. მოტივირებულნი ვართ იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური შანსი დიდ საფეხბურთო ფორუმზე სათამაშოდ. გუნდში ყველას გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და 100 პროცენტით მზად ვართ საფეხბურთო მოედანზე დავამტკიცოთ თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, ასტანაში 6 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.