სიახლეები

უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის - პირველი გამოშვება დასრულდა

სფფ
გაუზიარე

6 აგვისტოს, სასტუმრო მოხალისეში სფფ-ის ახალი საგანმანათლებლო პროგამის „უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის“ პირველი გამოშვება დასრულდა. 2-დან 6 აგვისტოს ჩათვლით, უეფადან მოწვეულმა სტუმრებმა კურსის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტიუარდინგის მნიშვნელობაზე და სტადიონზე უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა ხერხების შესახებ ესაუბრნენ. სემინარების დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამის 30-ვე მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა, რომლის საშუალებითაც ისინი სხვა მსურველთა გადამზადებას შეძლებენ.

კურსებს სფფ-ის სტიუარდებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძო დაცვის კომპანიებისა და ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასწავლო პროცესს კი, სფფ-ის უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უეფას უსაფრთხოების ოფიცერი სტეფან ტომასი, მისი კოლეგა ფრენკ ვინველდი და სტადიონების უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი კრის ბეიკერი უძღვებოდნენ.

სერთიფიკატების გადაცემის შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სასწავლოს კურსის მონაწილეებმა კომენტარები გააკეთეს:

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან სტიუარდთა 30 ლიცენზირებული მწვრთნელი გვეყოლება. ვისარგებლებ შემთხვევით და უეფას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი იმ ადამიანების მოვლინებისთვის, რომლებიც აღნიშნული კურსების ჩატარებაში დაგვეხმარნენ. ასევე მადლობას გადავუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელთა დასწრება ამ კურსებზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სასწავლო პროცესში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ლიგის კლუბები და მადლობა მათ აქტიურობისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან აღნიშნული კურსები უეფას მიერ აღიარებულ იქნა წარმატებულ და პროგრესირებად პროექტად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ რეგიონების მასშტაბით და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ფეხბურთში ჩართვა სურს, მიეცემა საშუალება, გადამზადდეს და იზრუნოს გულშემატკივრის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.“

დავით სუხიშვილი - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი:

„ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სემინარი იყო, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ორგანიზებით გაიმართა. ის გამოცდილება და ცოდნა, რაც ამ დღეების განმავლობაში მივიღეთ, გულშემატკივრების მატჩებზე დასწრებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. ჩვენის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს იმ გამოცდილებას, რომელიც უეფადან ჩამოსულმა ტრენერებმა მოგვაწოდეს.“

შოთა გოგიტაური - თბილისის „ლოკომოტივის“ თამაშებისა და გუნდის მენეჯერი:

„უსაფრთხოება მატჩის ორგანიზების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული მსმენელისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან უახლოეს მომავალში ამ კურსის საფუძველზე თბილისის „ლოკომოტივი“ გეგმავს საკუთარი სტიუარდების პროგრამა დანერგოს, რაც მომავალში დაგვეხმარება გვყავდეს ჩვენი სტიუარდები, რომლებიც ყველა მატჩის ორგანიზებაში დაგვეხმარებიან.“