სიახლეები

უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის

სფფ
გაუზიარე

2 აგვისტოს სასტუმრო „მოხალისეში“ სფფ-ის ახალი საგანმანათლებლო პროგამა „უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის“ ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული კურსები საქართველოში პირველად ტარდება და ის სტიუარდინგის განვითარებისკენაა მიმართული. სასწავლო პროცესში ძირითადი აქცენტი სტადიონზე უსაფრთხოების დაცვასა და გულშემატკივარებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე კეთდება.

კურსებს სფფ-ის სტიუარდებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძო დაცვის კომპანიებისა და ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები ესწრებიან. სასწავლო პროცესი 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და სემინარების თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა. ეს კი, მსემენელბს საშუალებას მისცემს საფეხბურთო კლუბებთან ერთად სტიუარდინგის სკოლა ჩამოაყალიბონ და საკუთარი გამოცდილება სხვა ადამიანებს გაუზიარონ.

სასწავლო პროცესში სფფ-ის უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უეფას უსაფრთხოების ოფიცერი სტეფან ტომასი, მისი კოლეგა ფრენკ ვინველდი და სტადიონების უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი კრის ბეიკერი არიან ჩართულნი.

დავით მუჯირი სფფ-ის გენერალური მდივანი:

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო უეფას, რომელმაც, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, უსაფრთხოების ოფიცრები ფრენკ ვაინვალდი და სტეფან ტომასი მოავლინა საქართველოში. აგრეთვე, სპეციალურად აღნიშნული გადამზადების კურსებისთვის, ჩვენთან ჩამოვიდა კონსულტანტი სტადიონების უსაფრთხოების საკითხებში, კრის ბეიკერი. სასწავლო პროცესში ასეთი გამოცდილი სპეციალისტების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე კურსებზე მოწვეული არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ყველა თამაშზე იცავენ გულშემატკივართა უსაფრთხოებას. ასევე აქ არიან ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და შემდგომში ერთობლივად დავგეგმავთ რა იქნება უკეთესი ჩვენი სტადიონებისა და გულშემატკივრის უსაფრთხოებისთვის. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს ექნება შესაბამისი ცოდნა, რათა გადაამზადოს სხვა სტიუარდობის მსურველი ადამიანი და რაც ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი მოხალისის ჩართულობას გამოიწვევს.“

თორნიკე ლოლაძე სფფ-ის უსაფრთხოების ოფიცერი:

„უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის" პროგრამის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავიზიაროთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ სტიუარდინგის განვითარების შესახებ. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია სტადიონზე უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა გზების შესწავლა. აღნიშნული სემინარები მთელი ევროპის მასშტაბით ტარდება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, კურსის თითოეული მონაწილე შესაბამის სერთიფიკატს მიიღებს, რის საფუძველზეც მათ საშუალება მიეცემათ დაარსონ სპეციალური სკოლა და ხელი შეუწყონ სტიუარდინგის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით სტიუარდინგის სკოლა სფფ-ის ხელშეწყობით მხოლოდ თბილისშია განვითარებული, თუმცა, ჩვენი მიზანია, ამ პროგრამამ მთელი ქვეყანა მოიცვას და საკლუბო დონეზე განვითარდეს.“

ეთო ბურდული სფფ-ის სტიუარდი:

„ჩემთვის ამ სემინარებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შესაძლებლობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდ მადლობას ვუხდი. აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავუზიარებ სხვა სტიუარდებს, რითაც საქართველოში ამ კულტურის განვითარებას შევწყობ ხელს. სტიუარდინგის სკოლის დაარსების დღიდან, როგორც სტიუარდი,  ჩართული ვარ ამ პროექტში. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტრენინგების დასრულების შემდეგ, ჩვენს საქმეს უფრო მაღალ დონეზე შევასრულებთ.“