სიახლეები

მინდვრის მომვლელთა გადამზადების კურსი სასტუმრო „მოხალისეში“ მიმდინარეობს

სფფ
გაუზიარე

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სასტუმრო „მოხალისეში“ მინდვრის მომვლელთა გადამზადების კურსები მიმდინარეობს. სასწავლო პროცესში ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-სა და ლიგა 3-ის კლუბების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. პროგრამა 4 ივლისს დაიწყო და 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კურსანტებს სულ რვა სემინარი ჩაუტარდებათ.

ლევან ცხოვრებაშვილი - კურსის ხელმძღვანელი:

„უპირველესად, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ისეთი კარგი პროექტების განხორციელებისთვის, როგორიცაა სტადიონების რეაბილიტაცია და მინდვრის მომვლელთა გადამზადების კურსები. ჩემი აზრით, ეს ორი საკითხი ურთიერთდამოკიდებულია, რადგან სტადიონის რეიაბილიტაციის თანმდევი პროცესი მისი მისი მოვლა-პატრონობა და შენარჩუნებაა. დიდი სურვილი მაქვს, კურსის მონაწილეებთან მჭიდრო ურთიერთობა შევინარჩუნო და მომავალშიც გავაგრძელოთ კონსულტაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ მშენებლობის პროცესში რაიმე ნიუანსი არ გაგვეპაროს. მიმდინარე კურსებზე დეტალურად ვხსნით თითოეულ საკითხს, რადგან წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა აქვს.“

კურსანტები, ძირითადად, 5 მიმართულებას შეისწავლიან, მათ შორის: ირიგაცია, თიბვა, ექსპულატაცია, რემონტი და კვება. აღნიშნული საკითხები მინდვრის მომვლელთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად მათი საფუძვლიანი შესწავლა, უშუალოდ პროცესის სწორად წარმართვას ემსახურება. 

კურსი შეაფასა მონაწილემ, ბოლნისის „სიონის“ წარმომადგენელმა, როლანდ ფრუიძემ:

„ჩემთვის, როგორც გამოცდილი სპეციალიტისთვის ეს კურსები ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნია, რომ ის ცოდნა რაც გამოცდილებამ შეგვძინა, აღნიშნული კურსების დახმარებით თეორიით გავამყარეთ და ამასთან, ბევრ სიახლეს ვითვისებთ. მოგეხსენებათ, ბოლნისში ახალი სტადიონი გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ლექციები ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი იქნება.“