სიახლეები

სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად ახმეტას ესტუმრა

სფფ
გაუზიარე

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით,  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს საფეხბურთო ინვენტარი გადაეცათ. 

მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად, კახეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესტუმრა და ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცა.

დელეგაცია საკობიანოს სტადიონსაც ესტუმრა, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და უშუალო მუშაობით განახლდა. საკობიანოს ბავშვთა გუნდის მთავარ მწვრთნელს ფედერაციის პირველმა-ვიცე პრეზიდენტმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა და რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ რამდენად გააქტიურდა კახეთის რეგიონი საფეხბურთო თვალსაზრისით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კახეთში უკვე ორი სოფლის მოედანი განაახლა და რაც მთავარია აქ უკვე ფუნქციონირებს სფფ-ის აკადემია, რომელიც არამარტო რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.

დელეგაციას მასპინძლობა მასპინძლობა გაუწიეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა გაუწიეს.

2018 წელს,  საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. 
ამ ეტაპზე,  რეგიონებში მიმდინარეობს „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ საჯარო განხილვები.