1 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მალტა დაამარცხა. მატჩი ავსტრიის ქალაქ შვაცში გაიმართა და ვლადიმირ ვაისის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ძირითადი დრო ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა, პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. ეროვნულმა ნაკრებმა მალტასთან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. ტრავმების გამო ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. ფეხბურთელები,რომლებსაც თამაშის შანსი მიეცათ, მეტოქის ნახევარზე აქტიურად გამოიყურებოდნენ და მოწინააღმდეგის კარს სახიფათოდ უტევდნენ. შეხვედრის მეორე ტაიმში, დროის ოთხ წუთიან მონაკვეთში ვაკო გვილია მსაჯმა ორჯერ გააფრთხილა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
საბოლოოდ, ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გურამ კაშიამ გოლად აქცია და საქართველოს ნაკრების ზედიზედ მესამე გამარჯვება დააფიქსირა.
საქართველო-მალტა 1:0
საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (ხოჭოლავა 68), კაშია (კ), კვერკველია, აბურჯანია (ნავალოვსკი 78), კიტეიშვილი (შერგელაშვილი 90), ლობჟანიძე (ბერიძე 68), ჭანტურიშვილი (ხარაიშვილი71), ზივზივაძე (კაჭარავა71), დვალი, გვილია.
სათადარიგო: მაკარიძე, ხარაბაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მალტა: ბონელო, ზარაფა, ბორგი, აგიუსი, ფენეჩი (გრეჩი65), მიფსუდი(კ) (ნვოკო71), ბრიფა (ველა84), მბონგი, ბეერმანი (გამბინი58), კამილერი, ეფიონგი (დეგაბრიელე 81).
სათადარიგო: ჰოგი,სულტანა,ჯონსონი, პისანი, კოენი,აპაპი , პისანი
მთავარი მწვრთნელი: რაიომონდ ფარუჯა
მსაჯები (ავსტრია): მანუელ შუტენგრუბერი, როლანდ ბრანდნერი,შტეფან კური, კრისტოფ იაგერი
გოლი: კაშია (89პ.)
გაფრთხილება: გვილია (49, 53), გეგეჭკორი (55) - ზარაფა (49), მიფსუდი (50), მბონგი (84), ბორგი (88)
გაძევება: გვილია (53)
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:
„პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მომენტების რეალიზება არ გამოგვივიდა. მეორე ნახევარში მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს. 10 ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100 %-იანი პენალტით გავიტანეთ. გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. კარგი იყო ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე. მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.
მომდევნო მეტოქე უფრო რთულია, თუმცა მალტაც კარგი გუნდია. ლუქსემბურგთან იქნება გარკვეული ცვლილებები. მითუმეტეს მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება“.
ლუქსემბურგთან მატჩისთვის ნაკრებს კიდევ სამი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური და ოთარ კაკაბაძე შეურთდება.
ტრავმების გამო ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი და ბაჩანა არაბული ვერ დაეხმარება. მათ საკლუბო მატჩების გამო ავსტრიული შეკრება გამოტოვეს, შემდეგ კი ტრავმა მიიღეს.
მალტასთან მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასება.
გიორგი ბერიძე - „გახარებული ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში შეგვეძლო ყველაფერი დაგვესრულებინა, რადგან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში ერთი ფეხბურთელით ნაკლები ვთამაშობდით და უფრო გართულდა თამაში, მაგრამ მთავარია მივაღწიეთ შედეგს და მოვიგეთ.
ოთარ კიტეიშვილი - „პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ცოტა რომ გაგვმართლებოდა მინიმუმ ორ გოლს გავიტანდით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ფეხბურთელის გაძევებამ თამაშზე გავლენა იქონია. კარგია დღევანდელი მატჩის მოგება და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს. ამ შეკრებაზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემი ჩათვლით და ეს არის რეალური შანსი,რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, პროგრესი, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდროთ".
გურამ კაშია - „როდესაც ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით მოედანზე, გავირთულეთ მდგომარეობა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ძალიან დადებითად შევაფასებ, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, ვისაც დღეს შანსი მიეცა. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ეს რა თქმა უნდა არის პოზიტიური, რადგან გუნდურობით იქმნება ასეთი მომენტები. მსგავსი თამაშები ძალიან კარგი გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის, რადგან სადებიუტო თამაშებს ყოველთვის ახლავს ემოცია. კარგია, რომ ათი კაცითაც შევძელით გამარჯვება. დავიმსახურეთ ეს მოგება, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო. ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ, არც ერთი გოლი არ გაგვიშვია და ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ სწორი გზით მივდივართ. მწვრთნელიც კმაყოფილია, ფეხბურთელებიც. შეიძლება დღევანდელი თამაშის ხარისხი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს,რომ ჩვენ მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. მითუმეტეს სეზონის ბოლოს არ არის იოლი სანაკრებო თამაშები, თან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ესეც გასათვალისწინებელია“.
3 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლუქსემბურგის წინააღმდეგ
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ტარაგონა, ესპანეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)