სიახლეები

საქართველო-მალტა პირველ არხზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მალტასთან შეხვედრამდე, ავსტრიის დაბა ბად ჰარინგში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არის, თუმცა ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობს. 

დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების დებიუტანტებს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცათ. ზაურ მახარაძემ, ბექა ვაჩიბერაძემ, გიორგი ბერიძემ, გიორგი ხარაიშვილმა, ლევან ხარაბაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გურამ კაშიასგან და საბა კვერკველიასგან სიმბოლური ვიმპელი მიიღეს. ექვსივე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ოფიციალურ საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფება.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა:

“ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი გვაკლია,თუმცა ხდება ხოლმე ფეხბურთში. ბევრი ტრავმირებულია,ამიტომ თამაშის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს,რომლებიც ამ შანსს ელოდებოდნენ.
ვემზადებით ერთა ლიგის გათამაშებისთვის, წინა ამხანაგური თამაშების მსგავსად, როგორც იყო ლიტვასთან და ესტონეთთან, გვსურს გავიმარჯვოთ და არ გავუშვათ გოლი. ვეცდებით ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ, წარმატებას მივაღწიოთ ამ შემადგენლობითაც, რადგან ამ ახალგაზრდებისთვის ეს ამხანაგური მატჩები კარგი შანსია”.

წამყვანი ფეხბურთელების არ ყოფნაზე და მალტასთან ამხანაგურ მატჩზე ვაკო გვილიამ და ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა კომენტარი.

„მისასალმებელია,რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ამხანაგურ მატჩებში გამოძახებული. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით,რომ გაიარონ ადაპტაცია. ეს თამაშები არის ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპი და მაქსიმალურად პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ. უნდა გავიმარჯვოთ და ვითამაშოთ ის ლაღი და ლამაზი ფეხბურთი,რომელიც ბოლო თამაშებში ვაჩვენეთ. ბევრი ლიდერი გვაკლია, იმედია ერთა ლიგისთვის ყველა მოთამაშე დაგვიბრუნდება და მომზადებული შევხვდებით ოფიციალურ თამაშებს“ - ვაკო გვილია.

„ნაკრებში ყოფნის პერიოდში ყოველთვის მნიშვნელოვანია,რომ სასურველ კონდიციებში იყო. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო ვარჯიშებზე და წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები, მალტასთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და თუ მექნება შანსი, ვეცდები გავამართლო მწვრთნელის იმედები“ - ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოსა და მალტის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, ავსტრიის ქალაქ შვაცში,  1 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უახლოეს ამხანაგურ მატჩებში.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

 შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრები, ეროვნულ გუნდს 3 ივნისს ლუქსემბურგში შეუერთდებიან.