სიახლეები

უეფას პრო-ლიცენზია - მეორე მოდული დასრულდა

სფფ
გაუზიარე

სასტუმრო მოხალისემ მწვრთნელთა განათლების უმაღლესი პროგრამის მეორე მოდულს უმასპინძლა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 31 მაისს, თეორიასთან ერთად, აქტიური პრაქტიკული სამუშაოებითა და ვიდეო-პრეზენტაციებით წარიმართა. თეორიული სწავლების შემდეგ, მონაწილეებმა მინდორზე პრაქტიკულ ნაწილზე გადაინაცვლეს და დღის ბოლოს, უეფას წარმომადგენელთან - გენადი სკურტულთან ერთად ევროპა-ლიგის ფინალი გაანალიზეს

სასწავლო დღის დასასრულს, მონაწილეებმა მესამე მოდულისათვის მოსამზადებელი დავალებები მიიღეს.

პრო-ლიცენზიის მეორე მოდული კურსის მონაწილეებმა შეაფასეს: დღეს მწვრთნელთა პრო-ლიცენზიის პროგრამის მეორე მოდული დავასრულეთ, რომელიც ძალიან საინტერესო და ინტერაქტიულ ვითარებაში ჩატარდა. ის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რასაც ამ სემინარებზე ვიღებთ, დაგვეხმარება, რომ გავითავისოთ ევროპული სტანდარტი და სამომავლოდ, ქართული ფეხბურთის განვითარებას მოვახმაროთ - აღნიშნა ლაშა ჭაღიაშვილმა, ფეხბურთის კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა.

პრაქტიკული ნაწილის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი ჭიაბრიშვილმა, ფეხბურთის კლუბ საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა: “მეორე მოდული განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ მეტი სამუშაო იყო უშუალოდ მინდორზე. მომხსენებლებმა გაგვიზიარეს წარმატებული კლუბების, მწვრთნელების საფეხბურთო გამოცდილება და ვიდეო-პრეზენტაციების შემდეგ, კურსის მიზნების შესაბამისი, ფეხბურთისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზი ჩატარდა. მიხარია, რომ საქართველოში ტარდება სამწვრთნელო განათლების უმაღლესი პროგრამა, რომელიც აუცილებლად მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება, - აღნიშნა მან.

ეს მოდული განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით. განაკუთრებით დიდი იყო ჩართულობა, რადგან პირველი მოდულის შემდეგ კიდევ უფრო თავისუფლად ვგრძნობდით თავს. ვისაუბრეთ ასევე სამომავლოდ , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ფეხბურთის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საერთო დოკუმენტის შექმნაზეც,"- გიორგი დეკანოსიძე, თელავის მთავარი მწვრთნელი.

მეორე მოდულის მომდევნო ეტაპი პროგრამის განუყოფელი ნაწილია და კურსის ტუტორებთან მუშაობას გულისხმობს, რომელიც ხვალ სასტუმრო მოხალისეში ჩატარდება.