სიახლეები

საქართველო - ესტონეთი 2:0

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მეექვსე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის თავური გადაცემის შედეგად, მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ჯიმი ტაბიძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მატჩი ვლადიმირ ვაისის გუნდის შეტევებით გაგრძელდა და 35-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. გოლის გატანის საშუალება ესტონელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ვლადიმირ ვაისი: “გახარებული ვარ მოგებით, მართალია, წინა თამაშივით დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ერთადერთი რითაც კმაყოფილი ვერ ვიქნები, გამოუყენებელი საგოლე მომენტებია, სხვა მხრივ, კმაყოფილი ვარ. კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც ვიდეოში უფრო ორგანიზებული ჩანდა, ვიდრე ეს თამაშში აჩვენა. ჩვენ დღეს მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. კარგად ვიხსნებოდით, მოწინააღმდეგის ზურგს უკან სახიფათოდ ვთამაშობდით. ესტონეთი 5-4-1 სისტემით გვეთამაშა, ასეთ დროს კი, შეტევაში უპირატესობის მოპოვება ადვილი არ არის. ეს ორი ამხანაგური თამაში მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ასეთ ნაკრებებთან მოგება უნდა ვისწავლოთ.”

საქართველო - ესტონეთი 2:0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, ტაბიძე, კვერკველია (84’ კაშია), კანკავა, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, კაჭარავა (71’ არაბული, 77’ ქვილითაია), შერგელაშვილი (63’ დვალი), მერებაშვილი (63’ ჯიღაური), პაპუნაშვილი (82’ აბურჯანია)

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, ლორია, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ესტონეთი: მეერიცი, პიკკი (63’ კრუგლოვი), კაიტი, ანიერი (46’ ლუცი), ზენიოვი (46’ ა. დმიტრიევი), ლეპისტუ (71’ ალ. დმიტრიევი), კლავანი, ანტონოვი (75’ ვასილიევი), ტენისტე (71’ ელი) , მოროზოვი, ტამმი

სათადარიგო შემადგენლობა: აკსალუ, ვაიკლა, კუუსკი, მილერი, მეცი, კალლასტე, ვიმანი

მთავარი მწვრთნელი: მარტინ რეიმი

მსაჯები: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი), ვიტალი მალიუცინი (ბელარუსი), ალეჰ მასლიანკა (ბელარუსი), გიორგი ვადაჭკორია (საქართველო)

გაფრთხილება: 39’ კვეკვესკირი, 40’ ანტონოვი

გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35) 

ლიტვასთან (4:0) და ესტონეთთან (2:0) ამხანაგური მატჩები, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უეფას ერთა ლიგის პირველი მოსამზადებელი ეტაპი იყო. უეფას ერთა ლიგის გათამაშება, 6 სექტემბერს ყაზახეთისა და საქართველოს მატჩით დაიწყება.