სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 22 მარტს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა „პოგონის“ მცველმა ლაშა დვალმა,რომელიც ტრავმირებულ დავით ხოჭოლავას შეცვლის. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე წარიმართა. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგურ მატჩებში საკუთარი შანსის მოლოდინშია. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა, ეროვნული ნაკრების დებიუტანთან, 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: „ჩვენი დონის გუნდებისთვის ერთა ლიგა დიდი შანსია. წილისყრის შედეგად ჯგუფში ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოვხვდით, ჩვენი მიზანი კი, ამ ჯგუფიდან გასვლაა. ეს ყველას საერთო მიზანია, ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ქართველი გულშემატკივრის.

ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან ერთადაა. პირველად მისი თამაში 16 წლის ასაკში ვნახე და ორ წელში მან დაუჯერებელი პროგრესი განიცადა. ჩაკვეტაძე მხოლოდ 18 წლისაა და ქართული ფეხბურთის ერთერთი ყველაზე დიდი ტალანტია. რა თქმა უნდა, მე ის გამოვიძახე იმისთვის, რომ ვათამაშო და დავაკვირდე. გიორგი ნაკრებში ვარჯიშით სიამოვნებას იღებს და გამოცდილებას აგროვებს. ვფიქრობ, მისი ნიჭი და საფეხბურთო შესაძლებლობები მას დიდ კარიერას უწინასწარმატყველებს. რაც მთავარია, სწორად აზროვნებს.გუშინ მის მშობლებს ვესაუბრე და გიორგის ჯერ ყველაფერი წინ აქვს. გიორგი ჩაკვეტაძე ლიტვასთან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ჩვენი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ. ლიტვა და ესტონეთი რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროებით. ჩვენი მიზანია შემტევი, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. მოგება თუ გვინდა ჭკვიანურად და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. ეს ნიშნავს შემტევ ფეხბურთს და კარგ ბალანსს დაცვასა და შეტევაში. შეკრებაზე, მეკარეების გარდა, ოცი ფეხბურთელია. მსურს, შანსი თითქმის ყველას მივცე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ მოგება ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ“.

გიორგი ჩაკვეტაძე: „ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბეთ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა დაგვაკლდა. ვფიქრობ, რომ ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ორივე თამაში მოსაგები გვაქვს. გამარჯვება ჩვენთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩები ერთა ლიგაში საასპარეზოდ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს ერთა ლიგაში, გამორჩეული გუნდი არც ერთი არაა და თამაში ყველასთან შეგვიძლია. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ ტურნირის ფავორიტია.“

საქართველოს ნაკრების წლის პირველი მეტოქე, თბილისში 21 მარტს ჩამოვიდა, შეხვედრა საქართველოსა და ლიტვას შორის 24 მარტს შედგება. მეორე ამხანაგური მატჩი კი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ 27 მარტს გაიმართება.

ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.