სიახლეები

ფუტსალის ლიგა: 15 დეკემბერი, ტატიშვილი vs თელასი!

ფუტსალი
გაუზიარე

15 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის IV ტურის შეხვედრები გაიმართება.

სასტარტო შეხვედრაში 15:00 სთ-ზე, ერთმანეთს აფხაზეთი და წყალტუბო დაუპირისპირდებიან. თუკი „შავიზღვისპირელებს“ სამი ტურის შემდეგ ზურგს ერთი ქულა უმაგრებთ, იმერლების კვლავ პირველი მონაგარის ძიებაში არიან.

პრინციპული და უშუალო კონკურენტების დაპირისპირება შედგება 17:00 სთ-ზე. წინა ტურში დამარცხებული თბილისი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ეცდება ხასიათის გამოსწორებას, რომელიც თავის მხრივ, ბოლო შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ქულების მარაგის გასაზრდელად იბრძოლებს.

უაღრესად საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი კოლხისა და აგორას შორის, რომელიც 19:00 სთ-ზე დაიწყება. ამ შეხვედრას გუნდები განსხვავებული განწყობით ხვდებიან - ირანული ლეგიონით გაძლიერებულმა „კოლხებმა“ უმძიმეს ბრძოლაში შეძლეს თბილისთან გამარჯვების მოპოვება, „ფინანსისტებმა კი მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს ტატიშვილს წინააღმდეგობა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მეოთხე ტური, ცენტრალური მატჩით დასრულდება. 21:00 სთ-ზე ერთმანეთს შარშანდელი სეზონის ფინალისტები და მიმდინარე გათამაშების ორი ფავორიტი, ტატიშვილი და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან. სამი ტურის შემდეგ ორივე გუნდი უდანაკარგოა, „მედიკოსები“ მხოლოდ უკეთესი ბურთების სხვაობით პირველობენ და შესაძლოა ამ მატჩის შემდეგ ლიგას ერთპიროვნული ლიდერიც გამოუჩნდეს. აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, გულშემატკივარს 20:50 სთ-დან სილკ უნივერსალის ეთერში შეეძლება.

 15.11.2017. ფუტსალის ლიგა. III ტური

15:00 აფხაზეთი - წყალტუბო

17:00 თბილისი - ბსუ (ბთ)

19:00 კოლხი-გულრიფში - აგორა

21:00 ტატიშვილი - თელასი