სიახლეები

ისტორიაში პირველად - საჩხერის ჩიხურა საქართველოს თასის მფლობელია!

გაუზიარე

2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა. 

საჩხერის „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები არაზუსტად მოქმედებდნენ და მატჩის ძირითად დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. გოლის გატანის ყველაზე რეალური შესაძლებლობა ქუთაისელებს ჰქონდათ, თუმცა მე-20 წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა არაზუსტად გიორგი კუხიანიძემ შეასრულა. გუნდებმა გოლის გატანა ვერც დამატებით დროში მოახერხეს და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. 11-მეტრიანები უკეთ საჩხერელებმა შეასრულეს, მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხეს და არსებობის განმავლობაში პირველად დაეუფლნენ საქართველოს თასს. აღსანიშნავია, რომ თასის გათამაშების წლევანდელ სეზონში „ჩიხურას“ გოლი არ გაუშვია, მეტოქეთა კარში კი, იმერლებმა 17 გოლი გაიტანეს.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. შეხვედრის გუნდებს და მსაჯთა ბრიგადას კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ჩიხურას“ ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი დასახელდა.

ჩიხურა - ტორპედო 0:0 (დ.დ 0:0; პენ. 4:3)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, ფონიავა (73’ ლექვთაძე), გაბედავა, სარდალიშვილი (97’ ცხადაძე), კორიფაძე, ტატანაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (113’ განუგრავა), გორგიაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, ჭელიძე, დეკანოიძე

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კუხიანიძე, ფალავანდიშვილი, გურული, კორობკა (82’ კვირკვია), კუტალია, დოლიძე (114’ ბერიაშვილი), ქიმაძე, გიგაური (118’ ბაბუნაშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: მეშველიანი, ჭიჭინაძე, მამასახლისი, საღრიშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, დ. სანოძე, პ. მაჭარაძე, გ. ავაზაშვილი

გაფრთხილება: 19’ ჰამზიჩი (ჩიხურა), 27’ ფალავანდიშვილი, 30’ ქიმაძე, 52’ კორობკა, 78’ გურული, 112’ ხურცილავა (ყველა ტორპედო)