სიახლეები

საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩი ბელგრადში

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას სერბეთში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით ჩავიდა. ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 23 ფეხბურთელით ივარჯიშა. საფეხბურთო კლუბ „ცრვენა ზვეზდას“  რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. ვარჯიშის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ, ბელგრადში კარგი თამაშისა და შედეგის საჩვენებლად ჩამოვედით. ვიცით,რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია სერბეთისთვის. მეტოქეს ძალიან გამოცდილი და კარგი გუნდი ჰყავს. მათთვის ხვალინდელი თამაში გადამწყვეტია და შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის. მოწინააღმდეგეს რამდენიმე ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, მათთვის შესაძლოა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ბოლო შანსი იყოს. კარგი შედეგის ჩვენება გვსურს, ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან სტადიონზე შესაძლოა 50, 000 გულშემატკივარი მოვიდეს.

ბელგრადში იგივე გუნდით ჩამოვედით რითაც უელსის წინააღმდეგ ვითამაშეთ, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, მჭედლიძე, ოქრიაშვილი და ანანიძე. სერბეთთან ნამდვილად იქნება ტაქტიკური ცვლილება და 3-4 ახალ ფეხბურთელს ექნება შეხვედრაში  მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

ეროვნულ გუნდში მუშაობისას თითოეული დღე და თამაში მნიშვნელოვანია. არ ვიცი ხვალ რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის. ჯგუფში რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ჯერ არ მოგვიგია და 5 ფრე ვითამაშეთ. ვფიქრობ, რომ სერბეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრა კარგად ჩავატარეთ და პირველ ტაიმში მეორე გოლი, რომ გაგვეტანა მატჩი სხვა შედეგით დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, იმედი გვაქვს ბოლო თამაშში ეს ყველაფერი შეიცვლება. რაც არ უნდა მოხდეს შეხვედრაში, სერბეთს ნამდვილად შესანიშნავი ნაკრების ჰყავს. მათი ფეხბურთელები მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში ასპარეზობენ. რა თქმა უნდა, ადვილი არაა ტადიჩის, მიტროვიჩისა და მატიჩის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
 
რაც შეეხება ჩემს მომავალ საქართველოს ნაკრებში, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სერბეთთან თამაშის შემდეგ შევხვდები და ამ თემასთან დაკავშირებით მივიღებ გადაწყვეტილებას.

გიორგი მერებაშვილი: ვწუხვარ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვაქვს, მიუხედავად ამისა ჩვენთვის მნიშვენლოვანი თამაშია, რადგან ჩვენგან ყველა პირველ გამარჯვებას ელოდება. ყველამ ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, მაგრამ მზად ვართ და შევეცდებით საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფს ცხრა ტურის შემდეგ, 18 ქულით სერბეთი ლიდერობს,  უელსს 17 ქულა აქვს, ირლანდიის ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილზეა.  საქართველო ხუთი ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

სერბეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)