სიახლეები

სოფელ ასკანაში სპორტული ბაზა გაიხსნა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

გურიის რეგიონს ახალი სპორტული კომპლექსი აქვს - ასკანას ცენტრში სპორტული ბაზა გაიხსნა, სადაც პირველი შეჯიბრება ასკანობის სახალხო დღესასწაულზე გაიმართა. ახალ სტადიონზე ერთმანეთს ასკანისა და მთისპირის გუნდები შეხვდნენ, სადაც სტუმრებმა ანგარიშით 3:2 დაამარცხეს მეტოქე და გარდამავალი თასის მფლობელები გახდნენ. 

ასკანაში სტადიონის გახსნით ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა, რომელმაც ადგილობრივებს სპორტული კომპლექსის ფუნქციონირება მიულოცა და ასკანელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა.

კახა ჭუმბურიძემ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ზოგადად, ფეხბურთის მასობრიობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელს ზურაბ ჩხაიძეს, ვისი დამსახურებითაც, ამიერიდან ასკანას სპორტული ინფრასტრუქტურა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ასკანისა და მთისპირის სკოლაები იმ ათას სკოლას შორისაა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის მასშტაბური პროექტი - „ფეხბურთი სკოლებში“ ხორციელდება. აღნიშნულ სკოლებში სპორტის მასწავლებლები უკვე გადამზადდნენ და სწავლის დაწყებასთან ერთად ადგილობრივ ბავშვებს ფეხბურთის გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

„არაჩვეულებრივი სტადიონი აჩუქეს ამ სოფელს ჩხაიძეებმა. აქ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს და მოხარული ვარ, რომ აქაურ ბავშვებს სტადიონის არქონა ვეღარ შეუშლის ხელს. ჩვენ უკვე გადავამზადეთ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებად ასკანელი აქვსენტი ქუთათელაძე და მთისპირელი რევაზ კალანდაძე, მათი ჩართულობა ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესის გარანტიაა,“- განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.