სიახლეები

ავსტრია - საქართველო 1:1

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

5 სექტემბერს, ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ მეტოქის საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა, მცველი ჩამოიშორა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს. 43-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ რთული ბურთ მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე კარგად შაუბმა ითამაშა და პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას 6 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა:

ვლადიმირ ვაისი: „რეზულტატი ჩვენთვის მისაღებია. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და ვლიდერობდით. ამასთან ერთად კარგად ვკომბინირებდით და ზონებს ვკეტავდით. არნაუტოვიჩი შევაჩერეთ, რომლის წინააღმდეგ თამაშიც პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ტალანტია, რომელზეც ავსტრიის ნაკრების თამაშია აგებული. ჩვენ ამ ყველაფერთან გამკლავება პრაქტიკულად შევძელით, მაგრამ შემდეგ მოთამაშეებს ძალა არ ეყოთ. მეორე ტაიმში ნახევადაცვის ცენტრი შევცვალეთ და თამაში უფრო გაგვიმარტივდა. რა თქმა უნდა, ავსტრიას ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა. ჩვენ 2-3 კარგი მომენტი შევქმენით, აქედან გამომდინარე მოპოვებული ქულით და ფეხბურთელების ტაქტიკურად სწორი თამაშით კმაყოფილი ვარ. ავსტრიასთან თამაში მარტივი არაა, ის კარგი გუნდია ჭკვიანი მწვრთნელით, რომელსაც მე ვაფასებ და შესაბამისად ვაფასებ მოპოვებულ ქულასაც.

ავსტრიასთან ჩატარებული შეხვედრის შესახებ კომენტარები გოლის ავტორმა, ვაკო გვილიამ და ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთეს: 

ვაკო გვილია: „ბედნიერი ადამიანი ვარ. ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და გოლის გატანაზე ყოველთვის ვოცნებოდი და ახლა ეს ოცნება ავისრულე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ რომ მოგვეგო ეს უკეთესი იქნებოდა. ავსტრიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. იქ თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები როგორიც ალაბა, არნაუტოვიჩი და დრაგოვიჩი არიან. ამის მიუხედავად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და კარგად თამაში შეგვიძლია. ესე თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია დიდ წარმატებას მივაღწიოთ.“

გურამ კაშია: „ზოგადად ეს კვირა დადებითად უნდა შევაფასოთ. ორ თამაშში ორი ქულა ავიღეთ. შეგვეძლო მინიმუმ ოთხი აგვეღო, მაგრამ საბოლოოდ ასე მოხდა. საერთო ჯამში კმაყოფილები უნდა ვიყოთ. პროგრესი განვიცადეთ, უკეთესად ვითამაშეთ ვიდრე აქამდე. უთამაშებელმა ფეხბურთელებმაც გამოიჩინეს თავი, ჯაბას დაბრუნება დაეტყო გუნდს. 

რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა დავიღალეთ, მოვეშვით და გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. ეს რა თქმა უნდა დასანანია, სერბეთთანაც პირველ ტაიმის ბოლო წუთზე გავუშვით. ესეთი გოლების გაშვება ყოველთვის რთული და რა თქმა უნდა, მიუღებელია. აუცილებელია, რომ ესეთ მომენტებს თავი ავარიდოთ და მეტი აღარ გავუშვათ.“

ავსტრია 1:1 საქართველო

ვენა, ერნსტ ჰაპელი

ავსტრია: ლინდნერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, არნაუტოვიჩი, ალაბა (38’ შაუბი), ჰარნიკი (68’ იანკო), ბაუერი, ბაუმგარტლინგერი, გრილიში (80’ ილსანკერი), კაინცი, დანსო

სათადარიგო შემადგენლობა: კუსტერი, ბაჩმანი, ლაინერი, ვობერი, საქსი, ლინჰარტი, ჰირლანდერი, გრეგორიჩი, ლაიმერი

მთავარი მწვრთნელი: მარსელ კოლერი

საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, კანკავა, ყაზაიშვილი (90+2’ ხოჭოლავა), ანანიძე, ქვილითაია (88’ დვალიშვილი), გვილია (69’ მერებაშვილი) , კვეკვესკირი, კაკაბაძე, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: რევიშვილი, კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, დაუშვილი, ჭანტურია, ტაბიძე, შერგელაშვილი, არაბიძე, ჯიღაური

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: ორელ გრინფელდი (ისრაელი), დენი კრასიკოვი (ისრაელი), ამიჰაი იეშუა მოზესი (ისრაელი), ეითან შმუელევიცი (ისრაელი)

გაფრთხილება: 53’ კაინცი, 79’ დანსო, 82’ ქვილითაია

გოლები: 0:1 გვილია (8), 1:1 შაუბი (43)