სიახლეები

ავსტრია - საქართველო ერნსტ ჰაპელის სტადიონზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს ვენაში ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ავსტრიის დედაქალაქში მატჩისწინა დღეს ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. გუნდმა, 25 მოთამაშის შემადგენლობით, ერნსტ ჰაპელის სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს გიორგი ქვილითაიამაც უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი:
„არ ვიცი ხვალ რა შედეგი იქნება, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც ავსტრიელები, შევეცდებით სამი ქულა ავიღოთ. ისინი სახლში თამაშობენ და, რა თქმა უნდა, მოსაგებად ითამაშებენ. ვენაში ქალაქის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ და გვსურს, რომ ირლანდიასთან კარგი თამაშის შემდეგ ქულები ავიღოთ.

დიახ, დღეს ჩამოვედით, როგორც ყველა სხვა გუნდი. გუშინ აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, დღეს კი,  ტაქტიკური ვარჯიში გვექნება. თამაშებს შორის დიდი დრო არ არის. ამ მხრივ, ყველა გუნდი თანაბარ მდგომარეობაშია. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება: ან იძულებითი, ან ტაქტიკიდან გამომდინარე.

ავსტრიასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჩემი აზრით, გუნდი უკეთ თამაშობს. ჯერ ჯგუფში არ მოგვიგია, მაგრამ ამის გაკეთებას ხვალ შევეცდებით. ჩვენ უფრო შეთამაშებული და თავდაჯერებული ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. თამაშში ერთზე მეტი ბურთის გატანა გვიჭირს და სწორედ ამიტომაა, რომ ოთხი ფრე გვაქვს. შევეცდებით, რომ ეს შეცვალოთ.“

გიორგი ქვილითაია - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვენის „რაპიდის“ წევრი.

„ვენის რაპიდში თამაშით მოხარული ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ კლუბში ყოფნა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა განსაკუთრებული გრძნობა და მოტივაციაა. ვთვლი, რომ ხვალინდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ არის მზად და გამარჯვებას მოვახერხებთ. საკვალიფიკაციო ეტაპის ზოგიერთ თამაშში არ გაგვიმართლა და ვფიქრობ,რომ 4 ქულაზე მეტი უნდა გვქონდეს“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩი, ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა მონაწილეობით, ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე 5 სექტემბერს, თბილისის დროით,  22:45 წუთზე დაიწყება. ამ დროისთვის ავსტრიის ეროვნული ნაკრები 8 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, საქართველოს ნაკრები, 4 ქულით, მეხუთე პოზიციას იკავებს. ვენიდან მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=grzhV9utBWQ","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}



{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=DdDzcZ4vsNk","settings":{"responsive":1,"width":"560","height":"315","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}