სიახლეები

საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ირლანდიასთან მატჩამდე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში ირლანდიას უმასპინძლებს. 1 სექტემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა „დინამო არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი  ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშამდე კი უკვე ტრადიციულად, ეროვნული გუნდის დებიუტანტმა გუნდისგან სამახსოვრო საჩუქარი მიიღო. თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელს ირაკლი სიხარულიძეს, გურამ კაშიამ ნაკრების სახელით სიმბოლური ვიმპელი გადასცა.

რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაშია და საკუთარი შანსის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო ჯაბა კანკავა გამოტოვებს, ტრავმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა მზადების პროცესს გამოაკლდნენ. ჯიმი ტაბიძე,რომელიც 21 წლამდე ნაკრებში იყო, ეროვნულ გუნდს უკვე დაუბრუნდა და მომდევნო ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება.

დღესვე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს გურამ კაშიამაც უპასუხა.

„ჯერჯერობით სამი ქულა არ მოგვიპოვებია და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველა დარჩენილი შეხვედრა პრინციპულია. იმედი მაქვს, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგ თამაშს ჩავატარებთ და მათ გავახარებთ. ყოველთვის ვამბობ, რომ პოტენციალი ჩვენს ნაკრებს აქვს, მაგრამ შედეგი მოგებული თამაშებით განისაზღვრება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან  ბოლომდე დაიხარჯება.

ირლანდიის წინააღმდეგ თამაში მარტივი არასდროსაა, რადგან ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან. თუმცა შეუძლებელი არაფერია. დუბლინში და კარდიფში კარგი თამაშები ჩავატარეთ, მაგრამ დადებით შედეგს ვერ მივაღწიეთ. ხვალინდელ თამაშში მნიშვნელოვანია, რომ პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ. საშინაო შეხვედრებში ყოველთვის არაჩვეულებრივი ატმოსფერო გვაქვს და ვიმედოვნებთ დადებითი შედეგის ჩვენებას შევძლებთ". - ვლადიმირ ვაისი

"მინდა კალათბურთელებს დიდი წარმატება მივულოცო, ვარჯიშის მერე რაც მოვასწარით, ყველამ ვუყურეთ. გვეამაყება ყველა წარმატება, თუნდაც 19-წლამდე ნაკრები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. ერთ ტაიმის მაღალ დონეზე თამაშის მიზეზი სხვადასხვაა, რისი დასახელებაც შემიძლია, იგივე სათამაშო პრაქტიკის არქონა. როდესაც არ თამაშობ კლუბში სისტემატურად, რთულია ითამაშო ნაკრებში 90 წუთი. სამწუხაროდ, ბევრ ფეხბურთელს არ გვაქვს, ან არ აქვს ეს პრაქტიკა, ეს არის სწორედ ჩვენთვის პრობლემა, ეს არის პრობლემა მწვრთნელისთვისაც. უნდა შევეცადოთ უკეთესად თამაში შევძლოთ და ეს პირველ რიგში შედეგში ავსახოთ“ - გურამ კაშია

საქარველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში: 

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში (www.tkt.ge), აგრეთვე "დინამო არენას" სალაროებში მიმდინარეობს.

საქართველო - ირლანდიის მატჩი, "დინამო არენაზე" 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.